კარგი ამბავი: ჩიქოვანმა უოტფორდში თამაში დაიწყო და უიგანს გაუტანა (U21)
პრემიერ ლიგის პროფესიონალური განვითარების ლიგაში უოტფორდის 21-წლამდე გუნდმა უიგანის შესაბამის ასაკობრივ გუნდს 4:2 მოუგო. უოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში 18 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანმა ითამაშა, გამარჯვებულთაგან მესამე გოლი 34-ე წუთზე ქართველმა გარემარბმა შეაგდო.
ნიკოლოზისთვის უოტფორდის 21-წლამდე გუნდში სადებიუტო მატჩი არ იყო, პრემიერ ლიგის თასის მეოთხედფინალში სანდერლდენთთან 29 წუთი ითამაშა, მისი გუნდი სტუმრად დამარცხდა (3:1).
პრემიერ ლიგის პროფესიონალური განვითარების ლიგის სამხრეთ ზონაში 10 გუნდს შორის უოტფორდი 36 ქულით მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, 20 მარტს სტუმრად მილუოლის 21-წლამდე გუნდთან გამართავს.
შეგახსენებთ, 2025 წლის ზაფხულში ჩიქოვანი დინამო თბილისიდან უოტფორდში გადავიდა, ნახევარი სეზონი იჯარით ბელგიურ შარლერუაში გაატარა, ზამთარში ინგლისურ კლუბს შეუერთდა. ამჟამად, 21-წლამდე გუნდში თამაშობს, თუმცა დიდი პოტენციალი აქვს და უახლოეს მომავალში პირველ გუნდში მის გამოჩენას უნდა ველოდოთ.
იანვარში უოტფორდის სპორტული დირექტორის ასისტენტმა ვალონ ბეჰრამიმ ჩიქოვანის შესახებ ისაუბრა: „ჩიქოვანი კიდევ ერთი პერსპექტიული მოთამაშეა და ძალიან გვიხარია, რომ იჯარის შემდეგ ისევ ჩვენთანაა. ჩვენ ახალგაზრდა, შემტევ მოთამაშეებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ის ბევრს ისწავლის ჩვენს გუნდში ყოფნით. როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, აქაც მოთმინება გვმართებს, თუმცა მას კარგი მონაცემები აქვს. კმაყოფილები ვართ მისი პროგრესით და გვიხარია, რომ ჩვენთან არის.''.