„გადამწყვეტ მომენტებს თავადვე ირჩევს“ - Eurosport-ის სტატია კვარაზე
Eurosport-ი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა და მიმდინარე სეზონში გუნდში ქართველის როლს ხაზი გაუსვა. რამდენად დიდია კვარას გავლენა გუნდზე და რა დონეზე იყოფება ქართველი ფეხბურთელი ამჟმად მსოფლიო ფეხბურთში.
„ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გასულ ოთხშაბათს „ჩელსის“ წინააღმდეგ შეცვლაზე შესვლის შემდეგ სამი გადამწყვეტი ქმედება განახორციელა, ამ სეზონში „პსჟ“-სთვის ჩემპიონთა ლიგაზე მთავარ იმედად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკე ამ საკითხზე მის დაცვას ცდილობს, ქართველი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა 1-ს შორის მკვეთრ კონტრასტს ქმნის.
ეს იყო მომენტი, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის ორმატჩიანი დუელის მიმდინარეობა, შესაძლოა, საბოლოოდ შეცვალა. გასულ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის ბოლო ოცი წუთის განმავლობაში, ევროპის ჩემპიონებმა „არისტოკრატები“ გაანადგურეს. ანგარიში 2:2-დან 5:2-მდე შეიცვალა - პარიზმა ეს უპირატესობა დიდწილად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე გამოსვლის წყალობით გამოიყენა.
ქართველი ვინგერი თამაშში დეზირე დუეს ნაცვლად, მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაერთო, ორჯერ გაიტანა (მათ შორის ერთი - ბრწყინვალე „მოჭრილი“ დარტყმით) და საგოლე გადაცემა გაუკეთა ვიტინიას, რომელთან ერთადაც ახლა „პსჟ“-ს მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიას ლიდერობს. ამას დაუმატეთ ოთხი საგოლე პასი, რაც აშრაფ ჰაკიმისთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია - და მიიღებთ პარიზელთა ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს ამ ტურნირზე. ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ 63 წუთში ერთი შედეგიანი ქმედებით, ის ამჟამად პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო კოეფიციენტს ფლობს (ერთ გათამაშებაში) და დაფიქსირებული შედეგებით და კილიან მბაპეს 2022-2023 წლების მაჩვენებელს უსწრებს.

„გუშინ მახსოვს, თქვენი კოლეგები მეკითხებოდნენ, არჩევს თუ არა ხვიჩა მატჩებს (რომლებშიც უნდა დაიხარჯოს),“ - იხუმრა ლუის ენრიკემ პრესასთან საუბრისას. „კვარასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს. ის განსხვავებული მოთამაშეა, სანახაობრივი, უმაღლესი დონის მენტალიტეტითა და ხარისხით.“ - ამბობს ენრიკე.
ფეხბურთელი, რომელიც გასულ ზამთარს 80 მილიონ ევროდ შეიძინეს, აღარ არის ხელშეუხებელი ძირითადის მოთამაშე - სტატუსი, რომლითაც შემტევებს შორის მხოლოდ უსმან დემბელე სარგებლობს, როცა ტრავმირებული არ არის. ექსპერტებისა და მწვრთნელის არჩევანის გამო ხშირი კრიტიკის მიუხედავად, მისი პასუხები ხშირად სანახაობრივია: ამ სეზონში კვარაცხელიამ შეცვლაზე შესვლის შემდეგ ოთხი გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა. ეს პარიზელი თავდამსხმელებისთვის თითქმის ახალ ტენდენციად იქცა, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ დეზირე დუემაც შეასრულა დუბლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ „მონაკოსთან“ პლეი-ოფის პირველ მატჩში, მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე დღით ადრე უსმან დემბელეს კრიტიკის სამიზნე გახდა.
თავმოყვარეობა, გადამწყვეტი თამაში და, უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი ტალანტი: კვარა კონტინენტურ სცენაზე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. დარწმუნებულები ვართ, ლუის ენრიკე მას იოლად აპატიებს არადამაჯერებელ გამოსვლებს „ნიცასთან“ და „ტულუზასთან“, თუ ის სამშაბათს, ლონდონში კვლავ გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. შემდეგ კი, შესაძლოა, „ენფილდზეც“ - სავარაუდო მეოთხედფინალში...“
- წერს Eurosport-ი.