„ზურიკოს შემცვლელად მოიაზრებენ“ - ფრანგული მედია წიტაიშვილზე წერს
ფრანგული „მეცის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა კარიერა „სენტ-ეტიენში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Jeunes Footeux-ი იტყობინება.
რას წერს გამოცემა:
„ზურიკო დავითაშვილი და ლუკა სტასენი, რომელთა მიმართაც სატრანსფერო ბაზარზე დიდი ინტერესი არსებობს, დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში „მწვანეების“ ღირსებას აღარ დაიცავენ, მათ შორის არც იმ შემთხვევაში, თუ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში დაბრუნდება.
სტასენი ბელგიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს, დავითაშვილმა კი საუკეთესო ფორმა დაიბრუნა და მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება „სენტ-ეტიენს“ ძალიან გაუჭირდება, ამიტომ მისი შემცვლელის ძებნა კლუბმა უკვე დაიწყო.
გიორგი წიტაიშვილი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს დავითაშვილს. წიტაიშვილი კიევის „დინამოდან“ „მეცში“ იჯარით თამაშობს, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდება. მიმდინარე სეზონში წიტაიშვილი „მეცის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის ანგარიშზე 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაცაა.
წიტაიშვილის შეტევაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა უპირატესობას მარცხენა ფლანგზე თამაშს ანიჭებს. ქართველი ფეხბურთელი „სენტ-ეტიენის“ სატრანსფერო სამიზნეების სიაშია - ასეთი ფეხბურთელის უფასოდ მოყვანა შესანიშნავი იქნებოდა“.