„რონალდუმ მთელი გუნდი დააღალატა“ - ტენ ჰაგმა კრიშტიანუსთან კონფლიქტი გაიხსენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა 2022 წელს კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა და დეტალებზე The Athletic-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რონალდუმ არა მხოლოდ მე, როგორც მთავარი მწვრთნელი, არამედ მთელი გუნდი დააღალატა, იმიტომ რომ სეზონის დაგეგმვისას მის ფაქტორს ვითვალისწინებდით. „იუნაიტედში“ დანიშვნამდე ჩავედი პორტუგალიაში და ვესაუბრე მას. რა თქმა უნდა, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ, როგორც მწვრთნელს, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
ტენ ჰაგის თქმით, რონალდუ ვარჯიშებს ნაადრევად ტოვებდა, ხოლო როცა ვარჯიშობდა, ამას არასათანადო ტემპში აკეთებდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ამბობს, რომ „ბრენტფორდთან“ 0:4 წაგების შემდეგ გუნდს მოედნის გარშემო 3 წრე სირბილი დაავალა, რონალდუმ კი მხოლოდ ორი წრე გააკეთა.
„ამის გამო რონალდუს ვეკამათე. მე ვუთხარი, რომ ყველას სურს, ის საუკეთესო პოზიციაზე გაიყვანოს, მაგრამ თუ თავად კრიშტიანუ საჯარიმოში ვერ ჩავიდოდა, ვერც გოლს გაიტანდა. მას პრესინგს არ ვთხოვდი, მაგრამ რონალდუ არც მაშინ დარბოდა, როცა ბურთი გვქონდა, და არც მაშინ, როცა ბურთს ვკარგავდით.
ყველა ტოპგუნდი ტოპფეხბურთელების გარშემო შენდება, მაგრამ ტოპფეხბურთელმა გუნდისთვის უნდა იშრომოს. რონალდუ გუნდელებს ეუბნებოდა, რომ ვარჯიშზე ძალები დაეზოგათ. ეს აუცილებელია, როცა საუკეთესო ფორმაში ხარ და არ გინდა, ტრავმა მიიღ, მაგრამ იქამდე, ტოპ ფორმაში შესასვლელად ვარჯიშია საჭირო“.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში რონალდუმ „ტოტენჰემთან“ მატჩში ცვლილებაზე შესვლაზე უარი თქვა, რის შედეგადაც ტენ ჰაგმა ის პირველ გუნდს ჩამოაშორა. ნოემბერში რონალდუმ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტენ ჰაგი მას პატივს არ სცემს. ამის შემდეგ „მანჩესტერმა“ პორტუგალიელს კონტრაქტი გაუწყვიტა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს