„ალისონი უპირობოდ პირველია, მამარდას დრო სჭირდება“ | რას ამბობს ბრედ ფრიდელი
„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ფრიდელის აზრით, ალისონთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება „ლივერპულისთვის“ სწორი ნაბიჯია და ამ ეტაპზე რთული სათქმელია, „მამარდა“ რა დონეს მიაღწევს.
„რა მაგარი მეკარეა ალისონი! ფანტასტიკური ტალანტია და ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლით კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. ალისონის შეცვლა ძალიან რთული იქნება.
მართალია, რამდენიმე ტრავმა მიიღო და თამაშები გამოტოვა, მაგრამ როცა ასეთი ტოპ დონის მეკარე გყავს, გინდა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო. დიახ, კლუბმა უნდა დაიწყოს — თუ უკვე არ დაუწყია — ახალი პირველი ნომრის ძებნა, როცა ალისონი წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ ამ ეტაპზე ის ჩემთვის უპირობოდ პირველი მეკარეა.
რაც შეეხება მამარდაშვილს, რთული სათქმელია, რამდენად კარგი გოლკიპერი შეიძლება გახდეს. მას ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია და რაც ვნახეთ, გამოჩნდა, რომ დრო აუცილებლად სჭირდება.
რა დონეს შეუძლია მიაღწიოს? მთავარია, საკუთარ შეცდომებს როგორ უმკლავდები. შეგიძლია სწრაფად დაბრუნება და შეცდომებზე სწავლა? შეგიძლია ზედიზედ ჩატარებულ პრემიერ ლიგის შეხვედრებს გაუძლო? შეგიძლია ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გაუძლო? დღესდღეობით ეს ყველაფერი მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აჩვენო, რომ სტაბილურ დონეზე თამაში შეგიძლია.“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ მეკარეს კუნთის ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „პარი სენ-ჟერმენთან“ გასამართ ორივე შეხვედრაში „ლივერპულის“ კარს მამარდაშვილი დაიცავს. ალისონი სავარაუდოდ აპრილის ბოლოსკენ დაბრუნდება.