დემბელე, მბაპე და ხვიჩა - Sport-ი ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს
ესპანური გამოცემა Sport-ი პსჟ-ის მთავარ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს და უსმენ დემბელეს მიერ „ოქროს ბურთის“ მოგებაში ასტურიელი სპეციალისტის წვლილზე ამახვილებს ყურადღებას.
გამოცემის ჟურნალისტი ალექს კალაფი დემბელესა და კილიან მბაპეს შორის ავლებს პარალელს და აღნიშნავს, რომ ენრიკემ დემბელეს საუკეთესო ვერსია გვაჩვენა, მისი შემდეგი სამიზნე კი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„უსმან დემბელეს „ოქროს ბურთი“ უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ლუის ენრიკეს გარეშე, ხოლო პსჟ-ის შარშანდელი სეზონი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა უსმანის ასეთი ვერსიის გარეშე. ლუის ენრიკემ დაარწმუნა ფრანგი, რომ მას შეუძლია, გუნდის ლიდერობა ითავოს, და რომ ამისთვის გოლებისა და საგოლე გადაცემების გარდა დაცვაში თამაშიცაა საჭირო.
დემბელემ სეზონი 35 გოლითა და 16 ასისტით დაასრულა, თუმცა ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უსმანის პრესინგი გამოარჩია და მას სამაგალითო უწოდა. დემბელეს მხრიდან პრესინგში თამაშს უკვე მივეჩვიეთ - ამის გაკეთებას ლუის ენრიკე კილიან მბაპესთანაც ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მედიაში გავრცელდა კადრი დოკუმენტური ფილმიდან, სადაც ენრიკე მბაპეს სხვებისთვის მაგალითის მიცემის მნიშვნელობაზე ესაუბრება. ეს გზავნილი მბაპემ ვერ მიიღო და მადრიდში წავიდა, პსჟ-ის ტრიუმფს კი ტელევიზორით უყურა.
ლუის ენრიკეს ინტენსიური ფეხბურთი უყვარს და ამას ითხოვს ფეხბურთელებისგანაც - მისი შემდეგი სამიზნე კი ხვიჩა კვარახცელიაა. ქართველი ადაპტირდა პარიზში და გუნდის კონკურენტუნარიანობის დონე აამაღლა. ის უნივერსალია, ტექნიკური და მშრომელი. სწორედ ამიტომ, როცა ხვიჩა ბოლომდე არ იხარჯება, ასტურიელი მწვრთნელი მისგან მეტს ითხოვს.
იანვარში, ლილთან მატჩში ენრიკე უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ ერთვებოდა პრესინგში კვარაცხელია და ის მალევე შეცვალა. მას შემდეგ ორი თვე გავიდა, კვარამ გზავნილი სწორად გაიგო და ახლა შეუჩერებელია.
სანაკრებო პაუზამდე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 ასისტი დააგროვა, ისრაელის ნაკრებთან მატჩში კი დუბლი შეასრულა. კვარა ბედნიერია პარიზში და მას ბრმად სჯერა ლუის ენრიკეს გეგმების, მიუხედად იმისა, რომ ხანდახან დემბელესთან, დუესთან და ბარკოლასთან კონკურენციის პირობებში ქართველი სათადარიგოთა სკამზე რჩება“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, პსჟ მომდევნო მატჩს პარასკევს, „ტულუზას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.