„ეს „მახე-მატჩია“, რომელშიც ბევრი სირთულე გვექნება“ - ენრიკეს და ჰაკიმის პრესკონფერენცია
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ და ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმიმ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
აშრაფ ჰაკიმი:
ვფიქრობ, ამ ტიპის ტურნირზე ფავორიტები არ არსებობენ. უკვე ვნახეთ, რომ ორ გუნდს შორის დიდი სხვაობა იყო. ასევე ვნახეთ „ქამბექები“. ვფიქრობ, გუნდში დადებითი განწყობაა. გუნდი ძალიან თავდაჯერებულია. ვფიქრობ, ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. დიდი კონცენტრაცია გვმართებს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა დეტალს. ვიცით, რომ „ლივერპული“ ყველაფრის გასაღებად მზად იქნება და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ.
ერთადერთი განსხვავება, რასაც გასულ წელსა და წლევანდელ წელს შორის ვხედავ, ის არის, რომ გუნდი სავსეა თავდაჯერებულობით. ვიცით, რა მწვერვალები დავიპყარით გასულ წელს. ამ ტურნირის ჩემპიონები ვართ. ეს გვაძლევს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას, რომ გავაგრძელოთ და ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ ასეთი ტიპის მატჩებს.
ხვალინდელი ატმოსფერო წარმოუდგენელი იქნება. ვიცით „ლივერპულის“ გულშემატკივრების შესახებ. ისინი მხარდაჭერას არ დააკლებენ. ვიცით, როგორ წარიმართა ყველაფერი გასულ წელს. ეს თავდაჯერებულობას გვაძლევს და ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ თამაშებს. ყველა დეტალზე კარგად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.
არ ვფიქრობ, რომ რაიმე უპირატესობა არსებობს. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანი სიამოვნებას იღებს ერთად თამაშით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები. რომ ერთად ვაკეთოთ დიდი საქმეები. განსაკუთრებით კლუბისთვის. და მოვიგოთ ისე, როგორც შარშან გავაკეთეთ. ტიტულების აღნიშვნა სასიამოვნოა. ვიმედოვნებთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტს აღვნიშნავთ. სხვადასხვა ტურნირზე ვართ, საფრანგეთის თასის გარდა. მაგრამ გვინდა, რომ სიამოვნების მიღება გავაგრძელოთ. და ვიგრძნოთ ეს სიამოვნება და აღვნიშნოთ ჩვენს გულშემატკივრებთან და ოჯახთან ერთად. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომაც ვაგრძელებთ ისეთი თამაშის ჩვენებას, რასაც ახლა ვაჩვენებთ.
ლუის ენრიკე:
ჩვენთვის ნათელია და კარგად ვიცით, რომ იქნება რთული მომენტები. როგორც წესი, მატჩის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე ფეხბურთში შედეგები 5 წუთში იცვლება. მნიშვნელოვანია მატჩი ისე დავიწყოთ, როგორც გვჭირდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი გასაღები.
ჩემთვის ეს „მახე-მატჩია“. იგებ პირველ თამაშს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ძალიან ვჯობდით მეტოქეს, შესაძლოა ეს მართალიც არის და ასეც იყო, მაგრამ ფეხბურთი და თამაშები ძალიან მალე იცვლება. ყურადღებით და მზად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება პირველ ტაიმში გოლი გაუშვა და თამაშში ინტრიგა დაბრუნდეს. ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ მატჩისთვის ისევე მოვემზადოთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით, რადგან ჩვენი მენტალიტეტია, თითოეული მატჩის მოგებაზე ვიფიქროთ. როცა ფიქრობ არა დაცვაზე, არამედ თამაშის მოგებაზე, რომ უნდა შეუტიო და გოლები გაიტანო ამ ეტაპის გადასალახად — ჩემთვის მთავარი გასაღები სწორედ ესაა. ვცდილობ, ჩემს გუნდს ფსიქოლოგიურად ჩავუნერგო იმის გაცნობიერება, რომ სირთულეები გვექნება.
ნათელია, რომ როცა შინ, შენს გულშემატკივრებთან ერთად თამაშობ, ეს ბევრად მარტივი და სასიამოვნოა. როცა გუნდსა და გულშემატკივრებს შორის კავშირია, ეს ბევრად უკეთესია და უფრო ძლიერი ხარ. სწორედ ეს არის ის, რაც არ გვექნება „ლივერპულთან“ და „ენფილდზე“. ვიცით ამ კავშირის შესახებ, ვიცით, რა რთულია ამ დონის სტადიონზე თამაში, მაგრამ ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაც არის. ჩვენი მიზანია ვითამაშოთ ჩვენი თამაში, გადავლახოთ ზეწოლა და ვეცადოთ მატჩის მოგებას. ვიმეორებ, ეს „მახე-მატჩია“, რადგან გუნდის გარშემო შეიძლება ვერავინ იფიქროს ამ ორ გუნდს შორის არსებულ სხვაობაზე, მაგრამ ხვალ თავად დაინახავთ, რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნება.
ძალიან რთულია იმის განსჯა და გაანალიზება, რომ გუნდი გუნდი გასულ სეზონთან შედარებით უფრო ძლიერია თუ სუსტი. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მთავარი ისაა, თუ როგორ ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობები და მენტალიტეტი სირთულეების გადასალახად. ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ სირთულესაც აუცილებლად გადალახავ, მაგრამ უფრო მზად ხარ შენი დონის საჩვენებლად. ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მკაფიო თვისებაა, რომ ვცდილობთ მატჩებისთვის ყოველთვის ერთნაირად მოვემზადოთ, მიუხედავად იმისა, წინა თამაში მოვიგეთ თუ წავაგეთ. იგივე მენტალიტეტი გვაქვს, რაც გასულ წელს, როცა უნდა მოგვეგო იმიტომ, რომ მანამდე წავაგეთ. ახლა პირველი მატჩი მოგებული გვაქვს, მაგრამ მეორეს მოგებასაც ვცდილობთ — ეს არის ჩვენთვის მთავარი გასაღები.
მწვრთნელები ყოველთვის ვცდილობთ დავაბალანსოთ ის, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ეს ძალიან მცირე ანგარიშია იმის ფონზე, რაც მე პირველ მატჩში ვნახე. თუმცა უნდა ვიცოდეთ და მზად ვიყოთ ნებისმიერი რთული მომენტის გადასალახად. ვიმედოვნებ, რომ ბევრი არ იქნება, მაგრამ რთული მომენტები ნამდვილად იქნება და ამისთვის მზადყოფნა მთავარი გასაღებია. ამის გარდა, როგორც უკვე თქვით, ყველა მოთამაშე მოტივირებულია. როგორც წესი, იდეალურთან მიახლოებული მოტივაციის პოვნა მთავარი გასაღებია. და როგორც წესი, ჩვენ გვაქვს ამ ტიპის მატჩების გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვიქნებით, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული წინააღმდეგობების დაძლევაც მოგვიწევს.
კითხვა აშშ-ის მედიისგან. წავიკითხე, რომ როდესაც საფეხბურთო კარიერა დაასრულეთ, ერთ-ერთ მატჩზე „ენფილდზე“ ჩამოხვედით და ფანებთან ერთად ტრიბუნაზე იდექით. ნიღაბი გეკეთათ და ცდილობდით ხალხში არ გამოჩენილიყავით, მართალია? რატომ მოგინდათ ჩამოსვლა და გულშემატკივრებში ყოფნა?
კარგი კითხვაა. საიდან იცით? დიახ, ეგ მართალია. კონკრეტული მატჩი არ მახსოვს, რადგან ჩემი ტვინი საფეხბურთო სამყაროდან არ გამოსულა, მაგრამ სასიამოვნო იყო. მინდოდა გულშემატკივრის ამპლუაში ვყოფილიყავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე, „ენფილდზე“. ძალიან ვისიამოვნე და ეს განსხვავებული გამოცდილება იყო. მახსოვს, ბილეთი იმიტომ მივიღე, რომ ლუის გარსია თამაშობდა აქ. მან მომცა ბილეთები ჩემთვის და სხვა ადამიანებისთვის. ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული მომენტი იყო. სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც წარსულში, როგორც ფეხბურთელს, გამომიცდია. ძალიან ვისიამოვნე.
შეგახსენებთ, რომ პარიზში გამართული შეხვედრა პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს გოლებით 2:0 მოუგო. ხვალინდელი მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.