„მისია რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი“ - სლოტი და სობოსლაი პსჟ-სთან მატჩზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა და ფეხბურთელმა, დომინიკ სობოსლაიმ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
დომინიკ სობოსლაი:
„სრულად მჯერა ჩვენი შესაძლებლობების, რადგან ვიცი, რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორი ფეხბურთელები გვყავს და როგორი მენტალიტეტი გვაქვს. ეს ბევრჯერ დაგვიმტკიცებია და სწორედ ეს დაგვჭირდება ხვალ.“
გზავნილი „ეტიჰადზე“ მომხდართან დაკავშირებით:
„მინდა განვმარტო, რომ ჩემსა და გულშემატკივრებს შორის გაუგებრობა მოხდა, ცუდი არაფერი მიგულისხმია. ვიცი, რას ნიშნავენ გულშემატკივრები ამ კლუბისთვის. როგორც ფეხბურთელები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის და საკუთარი თავისთვის. თუ ეს გაუგებრობა იყო, ბოდიშს ვიხდი. მათ შეუძლიათ იგრძნონ, რომ თავს მათზე უკეთესად არ ვგრძნობ — ზუსტად იმავეს განვიცდი, რასაც ისინი. მათ გვერდით ვართ და იმედია, ისინიც ჩვენთან ერთად იქნებიან.“
„ვაპირებთ, რომ ამ თამაშში ყველაფერი ჩავდოთ და პირველიდან 90-ე, ან შესაძლოა 120-ე წუთამდე ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. მზად ვარ, ხვალ მოედანზე მოვკვდე და ამის თქმა ყველა ფეხბურთელის სახელით შემიძლია. ეს ძალიან გვსურს და ამისთვის ვშრომობთ. „ენფილდზე“ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“
„პსჟ ბოლო წლებს რომ შევადაროთ... ძალიან განსხვავებულია. მათ ჰყავთ სუპერვარსკვლავები, მაგრამ არა ისეთი, როგორებიც არიან მესი, მბაპე ან ნეიმარი. ახლა მათ განსხვავებული ტიპის მოთამაშეები, სხვა სისტემა და ფეხბურთის განსხვავებული სტილი აქვთ. მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, როდესაც ისეთი თავდაჯერებულები არიან, როგორებიც ახლა. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ სრულიად მზად ვართ.“
„რა თქმა უნდა, განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ისინი ორ თამაშს შორის ისვენებენ. ეს მათ აღდგენისთვის, თამაშის გასაანალიზებლად და მოსამზადებლად დამატებით ორ დღეს აძლევს. პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ჩვენ ყურადღება „ფულემზე“ გადავიტანეთ, ორი დღის წინ ვითამაშეთ, ახლა კი წინ ისევ პარი სენ-ჟერმენია. ზოგიერთმა ფეხბურთელმა პარიზშიც და „ფულემთანაც“ დიდი დრო გაატარა მოედანზე, რაც თავისთავად მოქმედებს. აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვთქვა, თითქოს პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგის მატჩებისას დასვენების დღეებით უნდა დაგვეხმაროს — ასე არ არის. ამას უნდა გავუმკლავდეთ და საკმარისად პროფესიონალები ვართ საიმისოდ, რომ ეს შევძლოთ. ეს ჩვენი საქმეა.“
არნე სლოტი:
„გვაქვს თუ არა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი? შემახსენეთ, რა იყო ანგარიში? 2:0 იყო. შეიძლებოდა, უფრო დიდი სხვაობაც ყოფილიყო, მაგრამ თამაში 2:0 დასრულდა. მეორეც, ამ სეზონში დიდ თამაშებში ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავი თამაშის ჩვენება შეგვიძლია. სხვა რაღაცებიც გვაქვს ნაჩვენები, ამას ვაცნობიერებ, მაგრამ ჩვენი ბევრი თამაში ძალიან კარგიც იყო. ვინც ამ 18 თვის განმავლობაში ჩემთან ერთად არის, იცის, რომ 49 თამაშში ორი ან მეტი გოლი გავიტანეთ. ყველა მათგანი პსჟ-ს წინააღმდეგ არ ყოფილა, ეს ვიცი, მაგრამ მეტოქეები ძლიერები არიან. არსებობს რწმენა, რომ ხვალ განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, თუმცა ხვალ თავადაც ძალიან, ძალიან, ძალიან განსაკუთრებულები უნდა ვიყოთ, რადგან ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ ვთამაშობთ. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.“
„თუ სისტემას ცვლი, ყურადღება, როგორც წესი, სისტემაზე მახვილდება და შესაძლოა არა იმაზე, თუ რა... ხვალინდელი მიდგომა დიდად არ განსხვავდება პარიზში ნაჩვენები მიდგომისგან. მე არასდროს გამომყავს გუნდი მოედანზე იმისთვის, რომ 90 წუთის განმავლობაში ღრმა დაცვაში ითამაშოს. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მათზე მაღალი პრესინგის თამაში, მაგრამ შვიდ-რვა შემთხვევაში შეტევა ჩვენს კართან დაასრულეს. ჩვენი მიდგომა ისევ რისკზე წასვლა იქნება, მაგრამ მათთვის ბურთის წასართმევად პრესინგია საჭირო და ჩვენ უკვე ვნახეთ, რამდენად რთულია მათ წინააღმდეგ პრესინგის თამაში. თუმცა, ეს გასულ სეზონში იყო, როდესაც „ენფილდმა“ დიდი სხვაობა შექმნა და ველოდები, რომ ხვალაც ასე იქნება.“
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ იდეალური ბალანსი შეტევაში. იმისათვის, რომ შემტევი იყო, ბურთი უნდა გქონდეს და უამრავი რამ სწორად უნდა გააკეთო, სანამ შენი თავდამსხმელები შეტევის დაწყებას შეძლებენ. სწორედ ამიტომ, ამ კლუბის ისტორიაში ნახავთ ბევრ ისეთ მოთამაშეს, რომლებიც შეტევაში ძალიან კარგები არიან, მაგრამ დაცვით სამუშაოსაც ასრულებენ. ორივე გუნდს უყვარს ბურთის ფლობა. წინა ჯერზე მათ 76% ჰქონდათ და ეს არის პირველი, რაც უნდა შევცვალოთ. როდესაც ბურთი შენ გაქვს, კარგია, რომ მოედანზე შემტევი ძალა გყავდეს — და ეს არის ის, რაც ხვალ ნამდვილად გვეყოლება.“
„პსჟ-სთან ბოლო შეხვედრები? ჩემთვის დიდი აზრი არ აქვს გასული სეზონის თამაშების ყურებას, რადგან ხუთ, ექვს თუ შვიდ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელები გვყავს. გასული სეზონის საშინაო თამაშს რომ გადავხედოთ, ჩვენ გარკვეული ტაქტიკა გამოვიყენეთ და ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ამჟამინდელ ფეხბურთელებს შეუძლიათ ზუსტად იმავეს გაკეთება, რაც შარშან შევძელით, თუმცა ვეცდებით, რომ იდეა იგივე დარჩეს. ვიყოთ აგრესიულები და თავიდან ბოლომდე შეტევაზე ვიყოთ ორიენტირებულები (პირველი ნომრად ვითამაშოთ). მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით იმდენი განსხვავებული მოთამაშე გვყავს, რომ წინა სეზონის თამაშებიდან ბევრი ვერაფერი გადმოვიღეთ.“
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 14 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.