„პსჟ-მ ამ მიმართულებით განვითარების საშუალება მისცა“ - სანიოლის ასისტენტი კვარაზე
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ფაბიენ ბოსუემ, რომელიც ჩვენს ნაკრებში ფიზიკური მომზადების მწვრთნელია, ფრანგულ Le Parisien-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და „პარი სენ-ჟერმენში“ მისი ფუნდამენტური როლი გამოარჩია.
რას ამბობს ბოსუე:
„კვარა ათლეტური თვალსაზრისით სულ უფრო შთამბეჭდავი ხდება. ის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოქმედებებში უფრო მსუბუქი და მოქნილია, რადგან აქვს უნარი აჩქარდეს, ტემპი დააგდოს, ხელახლა დაიწყოს მოძრაობა და კვლავ აჩქარდეს მაშინ, როცა ერთ დროს, თითქოს, ამ კომპონენტში ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა. ვფიქრობ, პსჟ-მ მას ამ მიმართულებით განვითარების საშუალება მისცა. მას გაცილებით მეტი უნივერსალურობა მოეთხოვება და შესაბამისად, აღარ უწევს მხოლოდ ერთი და იმავე ტიპის ძალისხმევის გამეორება. დღეს ის თამაშობს მარცხნივ, მარჯვნივ, სიღრმეში იხევს, არის შეტევების დამწყებიც და დამგვირგვინებელიც...“
ბოსუე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, „ლივერპულთან“ გატანილ გოლსაც შეეხო:
„და სწორედ ეს არის ყველაზე სასიხარულო. ახლა უკვე ძალიან ნათლად ვხედავთ კვარას მთელ კრეატიულ პალიტრას, რადგან ის, წინანდელზე ბევრად მეტად, საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს თავის ტექნიკასა და შემოქმედებითობას ახმარს. საჰაერო ორთაბრძოლებში მისი თამაშის მანერის მსგავსად, ის სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს ახალ ამპლუებში.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ლივერპულთან“ თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან მამარდაშვილის კარში გოლიც გაიტანა და შეხვედრის დასრულების შემდეგ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამასთან, ხვიჩა პარიზული გუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ სამ შეხვედრაში დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.