„ყინული მის ძარღვებში და ცრემლები მეტოქის თვალებში“ - Le Parisien-ის სტატია ხვიჩაზე
ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულთან“ საპასუხო მატჩის წინ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მისი თამაში განიხილა. სტატიის ავტორმა მცირე ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, ფაბიენ ბოსუესთან ჩაწერა, რომელშიც ვილი სანიოლის ასისტენტი პარიზულ გუნდში კვარას ფუნდამენტურ როლზე საუბრობს.
რა წერია სტატიაში:
ყინული მის ძარღვებში. და ცრემლები მათ თვალებში. ხვიჩა კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა ყველაფერს არ გადმოსცემს და არ ამბობს იმას, რომ მარცხენა წინამხარზე დადებულ მარჯვენა ხელის სამ თითში, ხილულის მიღმა, ფარული მხარეც იმალება. „ვაშინგტონ უიზარდსის“ კალათბურთელის, დ'ანჯელო რასელისგან ნასესხებ ჟესტს - „ყინული ჩემს ძარღვებში“ (Ice in my veins) - დამატებითი განმარტება არ სჭირდება, რადგან ეს წამი იდეალურად ასახავს იმ ცივსისხლიანობასა და გამჭრიახობას, რაც ქართველ ფეხბურთელს მეტოქის დაცვის ხაზში სრულიად გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს.
რასაც ეს საფირმო ნიშნად ქცეული რიტუალი ნაკლებად გადმოსცემს, არის ის, თუ როგორ იქცა იგი ახლა წამების იარაღად მათთვის, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს უპირისპირდება.
„ატალანტას“, „ლევერკუზენის“, „სპორტინგის“, მაგრამ განსაკუთრებით „მონაკოს“, „ჩელსის“, ან თუნდაც „ლივერპულის“ გულშემატკივრები საპირისპიროს ნამდვილად არ იტყვიან. ყველამ საკუთარ მწარე გამოცდილებაზე იწვნია, რომ პსჟ-ს მთავარი კოზირი მიმდინარე სეზონში ევროპულ ასპარეზზე, ზურგზე ტურნირის ყველაზე გრძელი გვარითა და ფეხებზე ყველაზე მოკლე წვივსაფარებით დასეირნობს.
„დიდებული საღამოების კოსტიუმი“ ქართველისთვის, რომელმაც ეს კონტინენტური კამპანია საკუთარ ტურნირად აქცია — ტურნირად, რომელიც სხვებზე უკეთ წარმოაჩენს მისი ეგოს ფეხბურთისთვის დამახასიათებელი სიმშვიდისა და ცხოველური ჟინის პარადოქსულ კომბინაციას.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უკეთ არაფერი წარმოაჩენს იმ გამჭრიახობასა და ადგილს, რომელიც NBA-ის ამ დიდმა გულშემატკივარმა დედაქალაქში ჩამოსვლის დღიდან დაიმკვიდრა.
ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის ორჯერ ნაკლებ მატჩში, ვიდრე ლიგა 1-ში, ქართველმა რეალურად თითქმის მეოთხედით მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე შიდა ჩემპიონატში. ის ყოველ 90 წუთში იტანს და როგორც ჩანს, თამაშის დონეს კიდევ უფრო ამაღლებს, როდესაც პარიზული კლუბი უფრო მაღალ საფეხურებზე ადის — პლეი-ოფის ეტაპზე მისი უშუალო მონაწილეობა გუნდის გოლებში საშუალოდ 58 წუთამდე ჩამოდის.
ეს დიდად არ უკვირს საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელ ფაბიენ ბოსუეს, რომელიც განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ „კვარა ათლეტური თვალსაზრისით სულ უფრო შთამბეჭდავი ხდება“.
„ის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოქმედებებში უფრო მსუბუქი და მოქნილია, რადგან აქვს უნარი აჩქარდეს, ტემპი დააგდოს, ხელახლა დაიწყოს მოძრაობა და კვლავ აჩქარდეს მაშინ, როცა ერთ დროს, თითქოს, ამ კომპონენტში ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა. ვფიქრობ, პსჟ-მ მას ამ მიმართულებით განვითარების საშუალება მისცა. მას გაცილებით მეტი უნივერსალურობა მოეთხოვება და შესაბამისად, აღარ უწევს მხოლოდ ერთი და იმავე ტიპის ძალისხმევის გამეორება. დღეს ის თამაშობს მარცხნივ, მარჯვნივ, სიღრმეში იხევს, არის შეტევების დამწყებიც და დამგვირგვინებელიც...“
უნარების ამ ერთობლიობას — რაზეც გასულ ოთხშაბათს, გრავენბერხის ზეწოლის მიუხედავად, „ლივერპულის“ კარში უდიდესი ოსტატობით გატანილი მეორე გოლიც მეტყველებს — ოდნავაც არ დაუჩრდილავს ამ ბიჭის ტალანტი ბურთთან ურთიერთობისას.
„და სწორედ ეს არის ყველაზე სასიხარულო“, - აგრძელებს ბოსუე. – „ახლა უკვე ძალიან ნათლად ვხედავთ კვარას მთელ კრეატიულ პალიტრას, რადგან ის, წინანდელზე ბევრად მეტად, საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს თავის ტექნიკასა და შემოქმედებითობას ახმარს. საჰაერო ორთაბრძოლებში მისი თამაშის მანერის მსგავსად, ის სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს ახალ ამპლუებში.“
გასარკვევი მხოლოდ ის რჩება, შეძლებს თუ არა აგენტი (00) 7 — ისეთივე თავმოყვარე, როგორც ეს „ჩელსისთან“ შეცვლაზე შემოსვლისას შესრულებულმა დუბლმა დაამტკიცა და წნეხისადმი ისეთივე მდგრადი, რაზეც ბოლო ოთხ გადამწყვეტ მატჩში გატანილი ხუთი გოლი თუ მატჩის საუკეთესო მოთამაშის სამი ზედიზედ მოპოვებული ჯილდო მეტყველებს — შეინარჩუნოს თავისი შთამბეჭდავი ტემპი ამ სამშაბათს, საღამოს, „ენფილდზე“.
პასუხის პირველი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რაც, შესაძლოა, თქვენთვის უბრალო დეტალია, მაგრამ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს: პარიზელთა ყველა ძირითადი საველე მოთამაშეს შორის, ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთია, რომელზეც დანამდვილებით ცნობილია, რომ აშშ-ში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. მისი ოცნება, ოდესმე ითამაშოს მუნდიალზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ცხადია, სამუდამოდ არ გამქრალა. 25 წლის ასაკში, „ჯვაროსნების“ კაპიტანს მიზანში კიდევ, სულ მცირე, ორი – 2030 და 2034 წლების ტურნირი აქვს ამოღებული. თუმცა, კლუბში თანაგუნდელების უმეტესობისგან განსხვავებით, მისი სეზონის კულმინაცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა შეიძლება იყოს.
ეს საკმაოდ კარგი ამბავია პარიზისთვის, რომელმაც იცის, რომ შეუძლია დაეყრდნოს ფეხბურთელის სრულ თავდადებას, რასაც ამერიკული საფეხბურთო ზეიმი - გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად - ხელს ვერ შეუშლის.
შემთხვევითობაა თუ დამთხვევა? ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, არის ის, რომ პსჟ-ს ევროპული კამპანიის დაწყებიდან, კვარამ უკვე მოახერხა სტატისტიკური მაჩვენებლების თავდაყირა დაყენება და თავისი მრავალი სახელოვანი წინამორბედის გვერდით დამკვიდრება.
ევროპულ ასპარეზზე სეზონის დასაწყისიდან გატანილი რვა გოლით, ქართველმა უკვე გაათანაბრა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის, უსმან დემბელეს მიერ გასულ სეზონში დამყარებული მაჩვენებელი. მან ასევე მიაღწია კილიან მბაპესა და ედინსონ კავანის დონეს, რომელთა რეკორდი პარიზულ კლუბში ერთ სეზონში მაქსიმუმ 8 გოლს შეადგენს.
30 მაისს, ბუდაპეშტში, ტურნირის დასრულებამდე ოთხი მატჩით ადრე, კვარას მხოლოდ ორი გოლი აშორებს პარიზულ რეკორდამდე - 10 გატანილი გოლი - რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2013-2014 წლების სეზონიდან მოყოლებული ფლობს. თუ პსჟ ამ სამშაბათს „ენფილდზე“ კვალიფიკაციას მოიპოვებს, ქართველს ექნება მინიმუმ სამჯერ 90 წუთი იმისთვის, რომ გაუთანაბრდეს ან სულაც გადაასწროს შვედ გიგანტს.
მის თვალში ეს ნამდვილად არ არის პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 31 მაისს, მიუნხენის ფინალში გატანილმა გოლმა ის „პლანეტის ყველაზე ამაყ ბიჭად“ აქცია, თავად ამბობს, რომ არასოდეს „წარმოედგინა, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანას და მის მოგებას შეძლებდა“ და აღნიშნავს, რომ პირად სტატისტიკას აკვიატებად არ აქცევს.
„რა თქმა უნდა, მინდა ეს კიდევ ბევრჯერ განვიცადო“, — გვითხრა მან თებერვალში ინტერვიუს დროს დიდი ღიმილით. მან მეტოქეებიც გააფრთხილა: „ჩვენ გვსურს ეს გავაკეთოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც შესაძლებელი იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად. პსჟ ამას იმსახურებს, ჩვენნაირმა გუნდმა გაცილებით მეტი ტიტული უნდა მოიგოს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე სხვა ტურნირებზეც“. ასეთი დონის კვარასთან ერთად, ეს გიჟური ამბიცია უტოპიური აღარავისთვისაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ლივერპულთან“ თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან მამარდაშვილის კარში გოლიც გაიტანა და შეხვედრის დასრულების შემდეგ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამასთან, ხვიჩა პარიზული გუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ სამ შეხვედრაში დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.