ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ხვიჩა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ ხვდება და ესპანელმა სპეციალისტმა „რეკორდმაისტერზე“ ისაუბრა.

შეკითხვა: „პარი სენ-ჟერმენი და ბაიერნი, გატანილი გოლების მხრივ, ყველაზე შემტევი გუნდები არიან. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარფინალში შემტევ ფეხბურთს ვიხილავთ?“

ლუის ენრიკე: „თუ შენი მეტოქე ძალიან კარგად უტევს, საჭიროა, იცოდე, დაცვაში როგორ ითამაშო. ეს გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. რა თქმა უნდა, შეტევები მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ და უნდა ვიცოდეთ, ასეთი გუნდების წინააღმდეგ თავი როგორ დავიცვათ. გულშემატკივრებს, ვისაც არ უნდა ქომაგობდნენ, ყველა ვარიანტში ძალიან საინტერესო თამაშები ელოდებათ. ორივე გუნდს ბრწყინვალე სეზონი აქვს.“

შეკითხვა: „ბევრი საუბრობდა, რამდენად ძლიერია პარი სენ-ჟერმენი სეზონის დასკვნით ეტაპზე. მოკლევადიანი მიზანი ყველა მატჩში გამარჯვებაა, მაგრამ რამდენ ხნის წინ დაგეგმეთ, რომ ამ ეტაპზე ეს დონე გეჩვენებინათ?“

ლუის ენრიკე: „ყველა მთავარ მწვრთნელს სურს, რომ მისი გუნდი სეზონის დასკვნით ეტაპს საუკეთესო კონდიციებში შეხვდეს. ნახევარფინალში ვართ და ყველა ფეხბურთელი მზადაა. ეს ჩემპიონთა ლიგის მაგიაა, რომელიც თითოეულ მოთამაშეს განსაკუთრებულ ენერგიას აძლევს. ყველას უნდა, მოედანზე იყოს და მაქსიმუმი გაიღოს, რაც მწვრთნელისთვის ძალიან პოზიტიურია. დანარჩენი ბევრ ფაქტორზე და ალბათობაზეა დამოკიდებული. კარგ ფორმაში ვართ და გვიხარია, რომ ასეა.“

შეკითხვა: „პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრები თავდაჯერებულები არიან, რომ მომდევნო ეტაპზე გახვალთ. თქვენც იგივე განწყობა გაქვთ?“

ლუის ენრიკე: „გულშემატკივრებს ეტყობათ რწმენა, რომელიც მათ ფეხბურთელებმა ჩამოუყალიბეს და ეს კარგი რამაა. პროფესიონალები ვართ. არ მგონია, ფავორიტი არსებობდეს. იგივეა, რაც ჩელსისთან და ლივერპულთან იყო. ასეთ შეხვედრებში პატარა დეტალებია გადამწყვეტი და ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. აქ ყოფნას ვიმსახურებთ, მაგრამ ვიცით, რომ ბაიერნთან თამაში ძალიან რთულია.“

შეკითხვა: „მიზანი ფინალში გასვლაა, მაგრამ ევროპაში საუკეთესო შეტევის მქონე გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. ეს თქვენთვის დამატებითი აღმაფრთოვანებელი ფაქტორია?“

ლუის ენრიკე: „მხოლოდ შეტევას არა, დაცვით სტატისტიკას რომ შეხედოთ, აღმოაჩენთ, რომ ევროპის საუკეთესო კლუბებზეა საუბარი. ამ სეზონში არსენალიც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს. ბაიერნი ჩვენზე წინ არის, რადგან მხოლოდ ორი შეხვედრა აქვთ წაგებული, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ, როგორც გუნდმა რა ვაჩვენეთ, ვიტყოდი, რომ ჩვენც მათ დონეზე ვართ. ჩვენზე უკეთესი არავინაა. ბაიერნს ბევრი ტოპ დონის ფეხბურთელი ჰყავს. გუნდს მაღალი დონის სპეციალისტი წვრთნის, რომელმაც იცის, ინდივიდუალებისგან მაქსიმუმი როგორ მიიღოს, რათა ნამდვილი გუნდი შეკრას. აღმაფრთოვანებელი ნახევარფინალი გველოდება.“

შეკითხვა: „ბაიერნს ლუის დიასი ჰყავს. შეიძლება, ამან შეცვალოს პარი სენ-ჟერმენის იმ ფეხბურთელების თამაში, რომლებიც შეტევაში აქტიურად ერთვებიან?“

ლუის ენრიკე: „გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ისე მოვიგეთ, ჰაკიმი და მენდეში იმას აკეთებდნენ, რაც სჩვევიათ. რა თქმა უნდა, დაცვაშიც უნდა ითამაშონ, მაგრამ თუ გამარჯვება გვინდა, მათ მეტი აქცენტი შეტევაზე უნდა გააკეთონ. ხვალაც ამას ვეცდებით. ვიცით, რა რთული იქნება და გვინდა, დაცვაში მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ, მაგრამ ამ მხრივ, მოლაპარაკებები არ ხდება.“

შეკითხვა: „ვენსან კომპანი ახსენეთ. რას ფიქრობთ მასზე? ჩვენ მაიკლ ოლისეც ძალიან მოგვწონს.“

ლუის ენრიკე: „ბაიერნის ყველა ფეხბურთელი მომწონს, ინდივიდუალურად მაღალ დონეზე არიან და თავიანთი ხარისხი გუნდურადაც აჩვენეს. კომპანი ტოპ დონის მწვრთნელია, რაც ინგლისშიც აჩვენა. ორი წელია, ბაიერნი აბარია და ვხედავთ, რა რთულია მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში. ბაიერნის მატჩების ყურება ძალიან მომწონს და კარგია, მათ რომ ვხვდებით.“

შეკითხვა: „რა არის საჭირო, რომ ჩემპიონთა ლიგა ისევ მოიგოთ?“

ლუის ენრიკე: „პირველი ჩემპიონობა შვება იყო, ახლა კი მოტივაციის სხვა წყარო გვაქვს. შარშან ისტორია დავწერეთ, ახლა კი უფრო მეტს ვართ მოწყურებული. ერთი სული გვაქვს, მოედანზე როდის გავალთ და ძალიან საინტერესო თამაში გველოდება.“

შეკითხვა: „ხვიჩა კვარაცხელიამ თქვა, რომ კვარადონა შეარქვეს. თქვენც ასე ეძახით?“

ლუის ენრიკე: „სხვადასხვა მეტსახელს ვეძახი. ნაპოლიში მარადონას ადარებდნენ და ხანდახან ამაზე ვხუმრობთ ხოლმე. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა — როგორც საფეხბურთო თვისებებით, ისე მისი პიროვნების გამო.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 28 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ჯუღელთან აღარ თანამშრომლობს | ბადრი კვარაცხელიას კომენტარი
ხვიჩა ჯუღელთან აღარ თანამშრომლობს | ბადრი კვარაცხელიას კომენტარი