გადაწყვეტილება 28 აპრილს დამტკიცდება | ფიფა მუნდიალის საპრიზო ფონდს ზრდის
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდის გაზრდას გეგმავს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემები, The Athletic და The Guardian ავრცელებენ და წერენ დეტალებზე, რამაც ორგანიზაციას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა.
როგორც ირკვევა, ფიფა საფეხბურთო ასოციაციებთან მოლაპარაკებებს მართავს. The Athletic-ის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ გაზრდილი საპრიზო ფონდი ფიფას საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც ვანკუვერში, 28 აპრილს გაიმართება.
ცვლილებების მთავარი მხარდამჭერია უეფა. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში საფეხბურთო ასოციაციებისგან შეშფოთებები შევიდა, რაც ტურნირზე მგზავრობის მაღალ ხარჯებთან, მათ შორის ავიაბილეთებსა და აშშ-ში გადასახადებთან იყო დაკავშირებული. ფიფაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და ზემოთ ხსენებული შეშფოთება არაფერ შუაშია. არჩევანის გაკეთება მოსალოდნელი შემოსავლების ზრდის ფონზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და ფინალურ შეხვედრას 19 ივლისს ვიხილავთ.