ბაიერნი, კვარადონა, პროგრესი და პარი სენ-ჟერმენი | ხვიჩას პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბაიერნია“. ლუის ენრიკეს გუნდი პირველ შეხვედრაში მასპინძელი იქნება და „რეკორდმაისტერს“ „პარკ დე პრენსზე“ დაუპირისპირდება. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პარიზელთა მხრიდან ჟურნალისტების წინაშე ხვიჩა კვარაცხელია წარდგა.
შეკითხვა: „რისი ჩვენება გსურთ „ბაიერნთან“ მატჩში მინდორზე?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ძალიან კარგად ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, რადგან „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია. თუმცა, ჩვენ „პარი სენ-ჟერმენი“ ვართ. ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია და თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებთ. უაღრესად მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენიც“ ტოპ გუნდებს შორისაა. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ.“
შეკითხვა: „მენტალური საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როგორ ფიქრობ, „პარკ დე პრენსი“ დიდ როლს ითამაშებს?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ძალიან კარგია, რომ პირველ შეხვედრას საშინაო მოედანზე, საოცარი გულშემატკივრების წინაშე ვმართავთ. ვიცით, რომ საოცარი ატმოსფერო იქნება და ამ კლუბის ემბლემისთვის ქომაგებთან ერთად ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ფანების ფაქტორი ერთ-ერთი მიზეზი იქნება იმისა, რომ კარგად ვითამაშებთ.“
შეკითხვა: „გატანილი გოლების მხრივ, მიმდინარე სეზონში რეკორდი მოხსენი. გიგრძნია თავი აქამდე ასეთ დონეზე და როგორ ახსნი, საკუთარ საოცარ სერიას?“
ხვიჩა კვარაცხელია: „თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მშვენიერ ფორმაში ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დარჩენილი. ერთ-ერთი ხვალინდელი თამაშია. მთავარი მიზეზი, რის გამოც ასეთ ფორმაში ვარ, გუნდია. საოცარი თანაგუნდელები მყავს და ისინი ამ ყველაფრის გაკეთებაში მეხმარებიან. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.“
შეკითხვა: „ბევრი ისაუბრეს იმაზე, რომ გადაღლილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. როგორ ახსნით, რომ ამის ფონზე ახლა ასეთ ფიზიკურ კონდიციებში ხართ?“
პასუხი: „მართალია, რთული იყო. გასულ სეზონში ბევრი მატჩი ჩავატარეთ და მიმდინარე გათამაშების დასაწყისში მცირე გადაღლილობას ნამდვილად განვიცდიდით. თუმცა, ახლა ეს პრობლემა დაძლეულია. გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია და ვიცით, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რადგან მთავარი ბრძოლები წინ გველოდება. ვფიქრობ, საუკეთესო კონდიციებში სწორედ ახლა ვიმყოფებით.“
შეკითხვა: „ბაიერნს კარგად იცნობთ და მათ ამ სეზონში ერთხელ უკვე დაგამარცხეს. ახლახან ბაიერნმა ბუნდესლიგა მოიგო და როგორ ფიქრობთ, ეს ფინალის ტოლფასი დაპირისპირებაა?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ბაიერნთან წაგებული შეხვედრა კარგად მახსოვს. ეს მატჩი სეზონის დასაწყისში გაიმართა, როდესაც მათ დონეზე არ ვიყავით და ბევრი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ჩემი აზრით, ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობს და ორივესთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები იქნება.“
შეკითხვა: „როგორ ახსნი საოცარ ფორმას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში აჩვენებ? შეგიძლია, შენს დარტყმებზე რამე გვითხრა?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ბევრს ვმუშაობ. როდესაც გარემარბი ხარ, შენი მთავარი მიზანია, ცენტრისკენ შეხვიდე, დაარტყა და გაიტანო. რა თქმა უნდა, თამაში თითოეულ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, მაგრამ შემტევებს გოლის გატანა გვევალება. დარტყმაზე ორიენტირებული ვარჯიშები გვაქვს და ვცდილობთ, ეს თამაშში გადმოვიტანოთ. ეროვნულ ნაკრებში და აკადემიაში ყოფნის დროსაც ამაზე ვვარჯიშობდი — ცენტრისკენ შესვლასა და დარტყმაზე. ვფიქრობ, კარგ დონეზე ვარ, მაგრამ მომატება შემიძლია. ყოველდღიურად სწორედ ამიტომ ვვარჯიშობ.“
შეკითხვა: „პარი სენ-ჟერმენის ევროპული საღამოების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ხარ. ნანტთან შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ კლუბის პირველი პენალტისტი ხარ?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც პენალტების მაღალ დონეზე შესრულება შეუძლიათ. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, თერთმეტმეტრიანს ვინ დაარტყამს. ამას ხვალინდელ მატჩში გადავწყვეტთ. როდესაც ასეთი ხარისხის თანაგუნდელები გვყავს, მოედანზე უნდა შეხვიდე და შენი გუნდისთვის ითამაშო. მე სწორედ ამას ვაკეთებ. მინდა, მატჩის ბოლოს ვიცოდე, რომ მოედანზე მაქსიმუმი გავიღე.“
შეკითხვა: „მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, მანუელ ნოიერის წინააღმდეგ ითამაშებ. ამ მხრივ, განსაკუთრებულად ხომ არ ემზადები?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ნოიერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ნამდვილი ლეგენდაა. არ ვიცით, რა ძალით უნდა დავარტყათ, რათა ნოიერს გავუტანოთ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნოიერს ორი გოლი გავუტანეთ და ვეცდებით, ეს გავიმეოროთ. ვიცით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუმცა მისთვის სპეციალურად არ გვივარჯიშია. უბრალოდ ვვარჯიშობთ და ვნახოთ, რა გამოგვივა.“
შეკითხვა: „შენ და უსმან დემბელე კარგი დუეტი ხართ. ეს ბუნებრივია თუ ამაზე ვარჯიშობთ?“
ხვიჩა კვარაცხელია: „დემბელესთან მიმართებით ბევრი მუშაობა საჭირო არაა, უბრალოდ მისი თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო. სიამოვნებაა, როდესაც ასეთი თანაგუნდელი გყავს. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია, ისეთი მომენტი შემიქმნას, რომლის შემდეგაც ერთადერთი, რაც დამრჩება, დარტყმა და გოლის გატანაა. ვამაყობ, რომ ჩვენს გუნდშია და სწორედ ამიტომ მოიგო ოქროს ბურთი. მას შეუძლია, ეს ჯილდო კიდევ ბევრჯერ მოიგოს.
შეკითხვა: „უსმან დემბელეზე ისაუბრე. გვითხარი ბრედლი ბარკოლასთან და დეზირე დუესთან რა ურთიერთობა გაქვს?“
ხვიჩა კვარაცხელია: „საოცარი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ შემტევებს არ ეხება — მთლიანად გუნდში ასეა. ვარჯიშებისას სიამოვნებას ვიღებთ და ერთმანეთის ნახვა გვიხარია. არასდროს მინახავს, ვინმე ვარჯიშზე დასევდიანებული მოსულიყო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კარგ ფორმაში ვართ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ვითვლებით. თანაგუნდელებთან საოცარი ურთიერთობა მაქვს და ვამაყობ, რომ აქ გადმოვედი. ბევრი ახალი მეგობარი მყავს და ეს ჩემი ოჯახია.“
შეკითხვა: „ტექნიკურობის მხრივ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხარ. პარი სენ-ჟერმენში რა კომპონენტში მოუმატე? და როგორ დაგეხმარა ნაპოლიში გატარებული პერიოდი?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ტექნიკურობის მხრივ, ნაპოლიშიც მაღალ დონეზე ვიყავი. არ მგონია, რომ ამ კომპონენტში ძალიან მოვუმატე. ვიტყოდი, რომ დაცვაში თამაში ძალიან გავაუმჯობესე. ეს ლუის ენრიკეს დამსახურებაა, მაგრამ ანტონიო კონტეს როლიც მნიშვნელოვანია. პირველი ბიძგი სწორედ მან მომცა. ჩვენს მწვრთნელთან აუცილებელია, დაცვაში ნამდვილი მცველივით ითამაშო და ვფიქრობ, სწორედ ამ მხრივ მოვუმატე, ვიდრე ტექნიკურად. ყველაფერში პროგრესი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად დაცვაში თამაში გავაუმჯობესე.“
შეკითხვა: „ნაპოლიში კვარადონა შეგარქვეს. მოგწონს ეს მეტსახელი?“
ხვიჩა კვარაცხელია: „როდესაც ნეაპოლის ქუჩებში დავდიოდი, ყოველთვის კვარადონას მეძახდნენ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ფეხბურთის GOAT-ს გადარებენ. ყველამ ვიცით, რა მაგარი ფეხბურთელი იყო მარადონა და ნეაპოლში ის გაღმერთებული ჰყავთ. ყველა ოჯახში კიდია მარადონას სურათი და სასიამოვნოა, რომ მას შემადარეს, მაგრამ რეალურად, მარადონას ვერავის შევადარებთ. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ვამაყობ, მაგრამ ცოტათი რთული იყო, რადგან როცა კვარადონას გეძახიან, ყოველ თამაშში უნდა დაამტკიცო, რომ მართლა კვარადონა ხარ.“
შეკითხვა: „ვიცით, რომ გუნდი ყველაფერზე წინ დგას და ვხვდები, რასაც იტყვი, მაგრამ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობ, ფეხბურთი კი სწორედ სანახაობაა, რომელსაც ქომაგები უყურებენ. ბრწყინვალე გოლები გაგაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებისთვის ფეხბურთი სასიამოვნო და სანახაობრივ სპორტად აქციო?“
ხვიჩა კვარაცხელია: „ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ ეს სპორტი მიყვარს. როდესაც მოედანზე ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ალბათ, ფეხბურთი შეიცვალა და ის აღარაა, რაც ადრე იყო, თუმცა ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც ამ სპორტში სილამაზის შემოტანა შეუძლია. ვამაყობ, თუ ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ.“