ვინ შეცვლის არბელოას? - პერესის ფავორიტი მოურინიოა
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფლორენტინო პერესის მთავარი კანდიდატი ჟოზე მოურინიოა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი წერს.
იანვარში პერესმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსო გაათავისუფლა, რომელიც „ბლანკოსში“ გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. ალონსოს ნაცვლად „სამეფო კლუბი“ ალვარო არბელოამ ჩაიბარა, თუმცა, როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდს აღარ გაწვრთნის.
The Athletic-ის ცნობით, ახალი მწვრთნელის ძებნის პროცესს პირადად პერესი მართავს, განსხვავებით წინა შემთხვევისა, როცა კარლო ანჩელოტის შემცვლელად ჩაბი ალონსო „რეალის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა შეარჩია, პერესმა კი მხოლოდ საბოლოო თანხმობა გასცა.
„ფლორენტინო მოურინიოს დაბრუნების მთავარი მომხრეა, თუმცა კლუბში საპირისპირო აზრიც არსებობს. მადრიდში 3 წლის განმავლობაში მოურინიომ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო, თუმცა მისი სახელი უსიამოვნო ინციდენტებსაც უკავშირდება.
მაგალითად, გულშემატკივრებს ახსოვთ დაძაბულობა, რომელიც ჟოზესა და „ბლანკოსის“ ლეგენდარულ მეკარეს, იკერ კასილასს შორის არსებობდა. ბოლო წლებში ყოფილი მწვრთნელების დაბრუნება „ბერნაბეუზე“ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა - 2019 წელს კლუბში ზინედინ ზიდანი დაბრუნდა, 2021 წელს კი კარლო ანჩელოტი“, - წერს გამოცემა.
მანამდე The Athletic-ი წერდა, რომ არბელოას პოტენციურ შემცვლელებად „ბლანკოსი“ აშშ-ის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს, საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს და „დორტმუნდისა“ და „ლივერპულის“ ექს-დამრიგებელ იურგენ კლოპსაც განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ მოურინიოს „ბენფიკასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე მოქმედებს, თუმცა შეთანხმებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეუძლიათ, სეზონის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში თანამშრომლობა შეწყვიტონ, ამ შემთხვევაში კი გამოსასყიდი 3 მილიონ ევროს შეადგენს.