ახალი წესი მსოფლიო ჩემპიონატზე? | რა ცვლილებას გეგმავს ფიფა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით თვე-ნახევარი რჩება და ფიფა წესებში ცვლილებების შეტანას გეგმავს. The Athletic-ის ინფორმაციით, საუბარი ყვითელ ბარათებს ეხება და ორგანიზაციას სურს, ტურნირზე უფრო კონკურენტული გარემო შექმნას.
ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები ფეხბურთელებს პლეიოფში არ გადაჰყვებათ და ე.წ. ამნისტია გამოცხადდება. აქამდე ყვითელი ბარათები ნახევარფინალიდან ნულდებოდა და სწორედ ამ წესში იგეგმება კორექტივების შეტანა.
The Athletic-ის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა 48-მდე გაიზარდა და 1/16-ფინალის ეტაპი დაემატა, ფიფაში ეს ლოგიკურ ნაბიჯად მიაჩნიათ. მათ სურთ, შემცირდეს რისკი, რომ ფეხბურთელებმა პლეიოფის შეხვედრები გამოტოვონ.
როგორც ირკვევა, ეს საკითხი სამშაბათს ფიფას საბჭოს შეხვედრაზე, ვანკუვერში განიხილება და საბოლოოდ დამტკიცდება. რაც შეეხება მუნდიალს, ტურნირი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და 11 ივნისს დაიწყება.