ტრავმების გამო შეწყვეტილი სიმფონია - ტომაშ როსიცკის უიღბლობის ამბავი
ტომაშ როსიცკის კარიერის აღწერა არსენ ვენგერისა და ემანუელ ადებაიორის ორი ფრაზით შეიძლება. „თუ ფეხბურთი გიყვართ, როსიცკიც უნდა გიყვარდეთ“ - ეს „მეთოფეების“ ლეგენდარული თავკაცის სიტყვებია. ადებაიორმა კი ჩეხი ნახევარმცველი ასე დაახასიათა - „საკმარისია, ხელი ჩამოართვა და ის უკვე ტრავმირებულია“.
დაზუსტებით რთულია იმის თქმა, რამდენი ტრავმა მიიღო როსიცკიმ 20-წლიანი კარიერის განმავლობაში. თუ Transfermarkt-ის მონაცემებს დავუჯერებთ, 2008 წლიდან როსიცკიმ ტრავმა 16-ჯერ მიიღო, რის გამოც გამოტოვა 1301 დღე [რაც 3.5 წელიწადს უდრის] და 195 მატჩი. ჩეხური გამოცემა Blesk-ი კი აღნიშნავს, რომ „არსენალში“ გატარებული 10 წლის განმავლობაში როსიცკის 38 ტრავმა ჰქონდა.
„როცა ასეთი პრობლემები გაქვს, არც კი იცი, როგორ მოიქცე. მოედანზე დასაბრუნებლად ემზადები, შემდეგ კი ისევ ტრავმას იღებ, და ყველაფერი თავიდან იწყება. ხშირად შევსწრებივარ იმას, თუ როგორ იტანჯებოდა ტომაში“ - ამბობს ყოფილ თანაგუნდელზე სესკ ფაბრეგასი.
მუსიკა
ამასთან ერთად, როსიცკიმ 37 წლამდე ითამაშა. ხანგრძლივი რეაბილიტაციების დროს ტომაში მხოლოდ ფეხბურთზე არ ფიქრობდა - რთული პერიოდი მას პანკ-როკმა და მძიმე როკმა გადაატანინა, ჩეხმა ფეხბურთელმა გიტარაზე დაკვრაც ისწავლა. ჯერ კიდევ „დორტმუნდში“ ყოფნისას, მან ყველაზე დაბალფასიანი გიტარა იყიდა - „არაფერი გამომდიოდა, იმიტომ რომ მუსიკას ბევრი დრო უნდა დაუთმო. თუმცა ნელ-ნელა ალღო ავუღე“ - იხსენებდა როსიცკი.

ახალ გატაცებას მოჰყვა გოლების ახალი აღნიშვნაც - ერთ-ერთ ტურში როსიცკიმ „ფულემს“ გაუტანა და როკერების ჟესტი, ე.წ. „რქები“ აჩვენა.
დორტმუნდი
როსიცკის მამა, ირჟი ჩეხურ კლუბებში ასპარეზობდა, დედა ევა კი მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდა. 8 წლის ასაკში ტომაში პრაღის „სპარტას“ აკადემიაში მოხვდა, პირველ გუნდში სადებიუტო სეზონი კი 7 გოლით დაასრულა და „ჩეხური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად“ დასახელდა. 19 წლის ასაკში როსიცკი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
2001 წლის იანვარში 20 წლის როსიცკი 8 მილიონ გირვანქა სტერლინგად „დორტმუნდმა“ იყიდა, რაც ბუნდესლიგისთვის რეკორდული ტრანსფერი იყო. გერმანიის ჩემპიონობა და მარცხი უეფას თასის ფინალში - დორტმუნდში ტომაში პირველივე სეზონიდან ბრწყინავდა. გერმანიაში თამაშის დროს როსიცკი სამჯერ დასახელდა ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელად: გოლების გატანა მისი საქმე არ იყო, ტომაში მატჩის ტემპს კარნახობდა და თანაგუნდელებს საგოლე მომენტებს უქმნიდა. „პატარა მოცარტიც“ მას სწორედ ამიტომ შეარქვეს.

2006 წლის მუნდიალის შესარჩევში როსიცკიმ 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და „არსენალის“ ყურადღება მიიპყრო. 6.8 მილიონი გირვანქა - ასეთი ნიჭიერი და უნივერსალი ფეხბურთელისთვის, რომელიც სტაბილურად თამაშობდა მაღალ დონეზე, არსენ ვენგერმა ჯეკპოტი მოიგო.
ლონდონი
„არსენალში“ როსიცკიმ მისთვის უჩვეულო 7 ნომერი აიღო, ვინაიდან 10 ნომრით უილიამ გალასი თამაშობდა. თუმცა „მეთოფეებმა“ სეზონი სუსტად დაიწყეს და გაჩნდა კითხვები, ხომ არ წარმოადგენდა „პატარა მოცარტი“ ფუფუნებას, რომელსაც „არსენალის“ ეს შემადგენლობა უბრალოდ არ იმსახურებდა?
როსიცკის რობერ პირესს ადარებდნენ, ხოლო 37 მატჩში გატანილი 7 გოლით ჩეხი ამ შედარებაში აშკარად მარცხდებოდა, მაშინ როდესაც ბოლო ორ სეზონში პირესმა 28 გოლი გაიტანა.
რთულია ფეხბურთელის ობიექტურად შეფასება მაშინ, როცა თანაგუნდელები დონით მას ბევრად ჩამოუვარდებიან. მომდევნო წლებში როსიცკიმ აუღო ალღო პრემიერლიგას და ეს „არსენალის“ შედეგებზეც აისახა, 2008 წლის იანვარში კი, ნიუკასლთან სათასო მატჩში როსიცკიმ ტრავმა მიიღო და ეს მის კარიერაში საკვანძო მომენტი აღმოჩნდა.

პრესა წერდა, რომ როსიცკი მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდა, თუმცა შემდეგი ოფიციალური მატჩი ჩეხმა მხოლოდ 2009 წლის სექტემბერში ჩაატარა. გულშემატკივრებმა ძველი როსიცკი იხილეს - გოლი და საგოლე პასი „მანჩესტერ სიტისთან“ წაგებულ მატჩში (2:4).
ტრიბუნაზე გატარებულმა დრომ როსიცკის მისცა საშუალება, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ტაქტიკისთვის. „პატარა მოცარტმა“ თამაშის ტემპის კარნახის უნარები კიდევ უფრო დახვეწა. არსენ ვენგერისთვის ტომაში შეუცვლელი ფიგურა იყო ისეთ მატჩებში, სადაც „მეთოფეებს“ დინამიკა და სისხარტე სჭირდებოდათ.
სამშობლოში დაბრუნება
2015-16 წლების სეზონში როსიცკიმ მუხლის ტრამვა მხოლოდ იანვარში მოირჩინა და პირველი მატჩი 30 იანვარს, ასოციაციის თასზე ჩაატარა, ისევ დაშავდა და იმ სეზონში აღარ უთამაშია. სეზონის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტომაშის 10-წლიანი კარიერა ლონდონში დასრულებულია. „პატარა მოცარტი“ სამშობლოში, პრაღის „სპარტაში“ დაბრუნდა, სადაც სადებიუტო მატჩში ისევ დაშავდა, ჯამში კი 2 სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

როსიცკიზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი გოლი „სანდერლენდის“ კარში - არსენ ვენგერის გუნდის კომბინაციური ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში. ეს გოლი კარგად აჯამებს იმას, რასაც მოედანზე როსიცკისგან ელოდებოდნენ: კომბინაცია, რომელშიც „პატარა მოცარტის“ მიერ განაწილებული როლები ყველა ფეხბურთელს კარგად ჰქონდა გათავისებული და კომპოზიცია ისე სრულდებოდა, როგორც ეს როსიცკის ჰქონდა დაგეგმილი.