ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„70 მილიონ ევროდ საჩუქარი იყო“ | ნეაპოლური გამოცემის სტატია კვარაცხელიაზე

ნეაპოლურმა გამოცემამ, Ilnapolista-მ ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სტატია მიუძღვნა. მისმა ავტორმა „ნაპოლი“ გააკრიტიკა და „კვარას“ 70 მილიონ ევროდ გაყიდვას „პარი სენ-ჟერმენისთვის“ საჩუქრის გაკეთება უწოდა.

„ახლა უკვე „ნაპოლის“ ყველაზე მეამბოხე გულშემატკივრებიც დარწმუნდნენ, რომ კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის ფონზე, ფაქტია, ნეაპოლური კლუბის მენეჯმენტი ქართველ გარემარბთან მიმართებით სრული კრახი იყო და შეცდომებით აღსავსე აღმოჩნდა. არასწორი გადაწყვეტილებების სერიამ კვარას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი გამოიწვია. თანაც მხოლოდ 70 მილიონ ევროდ, ეს კი ნამდვილი საჩუქარი გახლდათ. საკმარისია გავიხსენოთ, რომ „ლივერპულმა“ ვირცსა და ისაკში ორჯერ მეტი გადაიხადა. არადა, დღესდღეობით მათი ფასი კვარაზე ორჯერ ან, შესაძლოა, სამჯერ ნაკლებიცაა.

ამ სეზონში კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და მსოფლიო ჩემპიონატის წელი რომ არ იყოს, ძალიან კარგი შანსიც ექნებოდა. კვარა, დიდი ალბათობით, საუკეთესო ხუთეულში მოხვდება, თუმცა ყველაფერს წლის ბოლომდე განვითარებული მოვლენები აჩვენებს.

მაინც რა დააშავა „ნაპოლიმ“ ხვიჩასთან მიმართებით? „პარტენოპეიმ“ დაუშვა შეცდომა, რომელიც აურელიო დე ლაურენტისის მენეჯმენტის სტილისთვისაა დამახასიათებელი. პრეზიდენტს ბეწვის ხიდზე სიარული უყვარს. მას მოსწონს, როდესაც ხელსაყრელ პოზიციაშია და კვარასთან მიმართებით აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ჯუნტოლიმ „ნაპოლის“ საგანძური უპოვა. „პარტენოპეიმ“ მარგალიტი აღმოაჩინა და მის სანაცვლოდ ძალიან ცოტა გადაიხადა, მისი ხელფასი კი 1.4 მილიონი ევრო გახლდათ. „ვერონასთან“ ჩატარებული სადებიუტო მატჩიც საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ ინსინიეზე სამჯერ უკეთეს ფეხბურთელთან გვქონდა საქმე. ალეგრის სიტყვები რომ გამოვიყენოთ — განსხვავებული კლასის მოთამაშესთან. მეორე ტურში „მონცასთან“ მან საოცარი გოლი გაიტანა. თუმცა საქმე მხოლოდ გოლებსა და საგოლე გადაცემებში არ იყო — ასეთ ფეხბურთელს მოედანზე მაშინვე ამჩნევ და ხვდები, რომ გამორჩეულია.

სკუდეტოს მოგების შემდეგ, რომლის დასაკუთრებაშიც კვარაცხელიამ საკვანძო როლი შეასრულა, კლუბს მისი ხელფასი საგრძნობლად უნდა გაეზარდა. ხვიჩა არ იყო 1.4-მილიონიანი მოთამაშე და „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს ნამდვილად არ იმსახურებდა. ბუნებრივია, რომ ამან მას და მის გარემოცვას გული აუცრუა. მათ იგრძნეს, რომ ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული, რაც ძალიან უსიამოვნო განცდაა, და წყენა ნელ-ნელა დაგროვდა. დაძაბულობა იზრდებოდა და კატასტროფულ მეორე სეზონში დადგა მომენტი, როდესაც აშკარა იყო, რომ ქართველ ფეხბურთელს წასვლა უნდოდა.

ეს არ ნიშნავს, რომ კვარამ „ნაპოლი“ დააშანტაჟა. სიმართლე ისაა, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას საკითხს კატასტროფულად მიუდგა. საშინლად იმოქმედა და თავი გაინადგურა. შედეგად, ისინი იძულებულები გახდნენ, ხვიჩა 70 მილიონ ევროდ გაეყიდათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფასოდ დაკარგვის რისკის ქვეშ დადგებოდნენ. დე ლაურენტისს ფეხბურთელისთვის ხელფასი რომ გაეზარდა, რასაც ის სრულად იმსახურებდა, „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროსა და პირობებში განხორციელდებოდა. „ნაპოლის“ ბევრად მეტის, სავარაუდოდ, 100 მილიონ ევროზე დიდი თანხის მიღება შეეძლო“, — წერს ნეაპოლური გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „ნაპოლიში“ ყოფნისას „კვარა“ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ფეხბურთელი, ვინც ეს გააკეთა | კვარაცხელიას მორიგი მიღწევა
მეორე ფეხბურთელი, ვინც ეს გააკეთა | კვარაცხელიას მორიგი მიღწევა