„თითოეული წევრი მაქსიმუმს აკეთებს“ | ლისანდრო მარტინესის ახალი განცხადება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა, ლისანდრო მარტინესმა, მაიკლ კერიკთან და კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. არგენტინელმა უკანახაზელმა რიტორიკა შეცვალა და აღნიშნა, რომ „წითელ ეშმაკებში“ მომუშავე ყველა ადამიანი მაქსიმუმს აკეთებს, რათა კლუბმა მიზნებს მიაღწიოს.
„დღეს კლუბის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შევხვდი. ეს იყო ძალიან პოზიტიური საუბარი, რომლის დროსაც მოსაზრებები გავცვალეთ და ღიად ვილაპარაკეთ იმაზე, რაც მატჩის შემდეგ მოხდა.
ყველამ იცის, რომ ემოციური ადამიანი ვარ და ფეხბურთით, სიყვარულით ვცხოვრობ. დამარცხებით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ მაიძულა, ჩემი გრძნობები ასეთ დროსა და ადგილას გამომეხატა, რაც, ალბათ, სათანადო ქცევა არ იყო, რისთვისაც ბოდიშის მოხდა მსურს.
ჩვენი კლუბი საუკეთესო მაშინ არის, როდესაც ყველანი ერთიანები ვართ, და ვაცნობიერებ, რომ იმ მომენტში ჩემი სიტყვები ამაში ვერ დაგვეხმარებოდა. ვიცი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს, რათა მივაღწიოთ ჩვენს საერთო ამბიციას: მოვიპოვოთ ის წარმატება, რომელსაც ეს კლუბი და მისი მხარდამჭერები იმსახურებენ. ახლა, როდესაც ეს სიტუაცია უკან დარჩა, სრულად ვართ კონცენტრირებულები ერთად გამარჯვებაზე“.
ცნობისთვის, მარტინესმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. არგენტინელმა უკანახაზელმა მათ სატრანსფერო პოლიტიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ გუნდში ძირეული ცვლილებებია საჭირო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს