ბათუმის 40-ქულიანი მარცხი - ჩეხებმა იოლად გაიმარჯვეს
ბუნებრივია, ძალიან კარგია, როდესაც საქართველოს საკალათბურთო კლუბები ევროტურნირებზე ასპარეზობენ, თუმცა ისეთი სამარცხვინო მარცხი, როგორიც დღეს „ბათუმმა“ განიცადა, ნებისმიერ შემთხვევაში საწყენი და ბევრ რამეზე დამაფიქრებელია. ფიბას ევროთასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა „თბილისი არენას“ დარბაზში ჩეხეთის „ოპავას“ უმასპინძლეს და 40-ქულიანი სხვაობით, 62:102 წააგეს.
საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში საუკეთესო ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც 26 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ პერიმეტრიდან რვიდან ოთხი სროლა გამოიყენა, საშუალო დისტანციიდან ოთხიდან ერთი ჩააგდო და საჯარიმოს ხაზიდან მისი ორივე ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა. ოჩხიკიძის გარდა, „ბათუმის“ რიგებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერთი მოთამაშე, უორენ მუგანდა გადასცდა, რომელმაც 33 წუთში 13 ქულას, 2 მოხსნას, 2 ასისტსა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი.
ცნობისათვის, „ოპავასთან“ მარცხამდე „ბათუმმა“ სტუმრად „ტრირთან“ 33-ქულიანი სხვაობით, 59:92 წააგო. მომდევნო შეხვედრას კი ზღვისპირელები 21 ოქტომბერს, სტუმრად საბერძნეთის „პრომითეასთან“ გამართავს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ამზადებდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს