„მიუხედავად ყველაფრისა, დღეს შესანიშნავად ითამაშა“ - რუნიაიჩი ჩაკვეტაძეზე
სერია A-ს მე-6 ტურში „უდინეზემ“ ტურინში „ტორინოსთან“ 1:2 წააგო. გუნდის მოუგებელი სერია გრძელდება.
უდინელთა მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა პრესკონფერენციაზე გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა და რამდენიმე მოთამაშის კარგ გამოსვლას ხაზი გაუსვა, მათ შორის ჩაკვეტაძის თამაშიც გამოარჩია.
„მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ, ეს ცხოვრებისადმი ჩემი მიდგომაა. დამაჯერებელი მატჩი დიდი შეცდომის გამო წავაგეთ - „კალიარისთან“ შეხვედრის შემდეგ ეს უკვე მეორედ მოხდა. როგორც გუნდის ლიდერს, პასუხისმგებლობა მეკისრება, ასეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ეს იყო კომუნიკაციისა და სიტუაციის აღქმის ნაკლებობა, ასეთი შეცდომების დაშვებისას კი თამაშს აგებ.
მქონდა განცდა, რომ მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ ფეხბურთში მთავარი შედეგია. ჩვენ გოლი ვერ გავიტანეთ. ბევრი საგოლე მომენტი არ გვქონია, მაგრამ თამაშს ვაკონტროლებდით, თუ არ ჩავთვლით დაცვაში დაშვებულ დაუჯერებელ შეცდომას.
ვულოცავ „ტორინოს“. ამაღამ გამართული მატჩი იმის მაგალითია, თუ რამდენად არაპროგნოზირებადია ფეხბურთი.
ყველა თამაშს აქვს თავისი პოზიტიური მხარეც. ერთ-ერთი ასეთი სოლეს დაბრუნებაა. მან თავისი კლასი აჩვენა და დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან მიუხედავად იმისა, რომ პრესეზონი გამოტოვა, დღეს მაინც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ეკელენკამპმა თავისი ბრწყინვალე ფორმა დაადასტურა. ის ასისტებისა და გოლების კუთხით სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ ყურადღებით, ამასთანავე, ველოდებით ძანიოლოს, დევისისა და პიოტროვსკის დაბრუნებას“.
6 ტურის შემდეგ „უდინეზეს“ 4 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე იმყოფება. „პატარა ზებრებს“ მიჯრით ოთხი მარცხი აქვთ. მე-5 ტურში ჩაკვეტაძის გუნდი შინ „ლეჩეს“ დაუპირისპირდება“. მატჩი 18 ოქტომბერს, ჩვენი დროით 14:30-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს