ხვიჩა კვარაცხელია, კაილ უოკერი, ფრანჩესკო ტოტი, ჯეკ გრილიში, ჯუდ ბელინგემი, ჯორჯ ბესტი
Aa
Aa

რატომ ჩამოწეული გეტრები? ცრურწმენა, თუ პრაქტიკული ახსნა?

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი მოედანზე ჩამოწეული გეტრებით გამოდის და წვივებს თითქმის სრულად აჩენს. მაგალითად, ახლა ასე ხვიჩა კვარაცხელია, ჯეკ გრილიში და პაულო დიბალა თამაშობს. წარსულში კი გეტრებს ასე ატარებდნენ ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი, რუი კოშტა და სხვები. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ფეხბურთელებს უბრალოდ სხვებისგან გამორჩევა სურთ. თუმცა, ამ ჩვევას სრულიად პრაქტიკული ახსნა აქვს.

საქმე ისაა, რომ საფეხბურთო გეტრები ფეხზე მჭიდროდაა მომდგარი და წვივის კუნთებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. მატჩის დროს ფეხბურთელები მუდმივად სიჩქარეს უმატებენ, ამუხრუჭებენ და მოძრაობის მიმართულებას იცვლიან. ამ დროს კუნთები მრავალჯერ იკუმშება, ზედმეტად ვიწრო ეკიპირება კი ზოგჯერ უსიამოვნო მოჭერის შეგრძნებას იწვევს. ამიტომ, ზოგიერთ მოთამაშეს ურჩევნია გეტრები ოდნავ ჩამოწიოს, რათა წვივებზე დაწოლა შეამციროს და თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. მართალია, ჯერ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ეს მეთოდი კრუნჩხვებს თავიდან აცილებს ან ფეხბურთელს უკეთესს ხდის.

საინტერესოა, რომ კვარაცხელიას ჩამოწეული გეტრებით თამაშის ჩვევა 2022 წლის აგვისტოში, „ნაპოლის“ რიგებში „ვერონას“ წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის დროს გაუჩნდა. ქართველი ფეხებში დისკომფორტს გრძნობდა და გადაწყვიტა გეტრები ჩამოეწია, უსიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლების იმედით. ამის შემდეგ მალევე მან ნეაპოლელთა შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ხვიჩამ ეს დამთხვევა კარგ ნიშნად მიიღო და მას შემდეგ ჩამოწეული გეტრებით თამაში გააგრძელა.

„ნაპოლის რიგებში ჩემი პირველი მატჩის დროს კუნთების სპაზმი (კრუნჩხვები) უკვე 35 წუთის შემდეგ დამეწყო. ეს სადებიუტო შეხვედრის სტრესს უკავშირდებოდა. ვიფიქრე, რომ გეტრების ჩამოწევა დამეხმარებოდა. საბოლოოდ გოლი გავიტანე და ჩავთვალე, რომ ამან იღბალი მომიტანა. მას შემდეგ ასე ვთამაშობ“,

- ჰყვებოდა კვარაცხელია The Athletic-თან ინტერვიუში.

მსგავსი ისტორია გადახდა თავს ინგლისელ ნახევარმცველ ჯეკ გრილიშს. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როდესაც ის „ასტონ ვილას“ აკადემიაში ირიცხებოდა, რეცხვის შემდეგ მისი გეტრები დაპატარავდა. წვივის დიდი კუნთების გამო ფეხბურთელმა მათი სათანადოდ მაღლა ამოწევა ვერ შეძლო, ამიტომ ჩვეულებრივზე დაბლა ტარება დაიწყო. იმ სეზონში გრილიშმა კარგად ითამაშა და გადაწყვიტა, რომ გეტრების ტარების ამ უჩვეულო მეთოდს მისთვის იღბალი მოჰქონდა. მოგვიანებით ინგლისელმა ეს ჩვევა პროფესიონალურ დონეზე გადასვლის შემდეგაც შეინარჩუნა.

მსგავსი მოდა კვარაცხელიამდე და გრილიშამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. ჯერ კიდევ 1960-იან და 1970-იან წლებში ჩამოწეული გეტრებით თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი ჯორჯ ბესტი. მოგვიანებით მის მაგალითს ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა მიბაძა, მათ შორის ფრანჩესკო ტოტიმ, მარიო კემპესმა და ხუან სებასტიან ვერონმა. ზოგისთვის ეს კომფორტის საკითხი იყო, ზოგისთვის კი - ცნობადი იმიჯის ნაწილი.

თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც კიდევ უფრო შორს წავიდნენ. იმის ნაცვლად, რომ გეტრები ჩამოწიონ, ისინი წვივის კუნთების არეში სპეციალურად ჭრიან ნახვრეტებს. ასე იქცევიან, მაგალითად, ჯუდ ბელინგემი, ბუკაიო საკა და კაილ უოკერი. მიზეზი დაახლოებით იგივეა - ფეხებზე ზედმეტი ზეწოლის შეგრძნებისგან გათავისუფლების სურვილი. მატჩების დროს ზოგიერთი მოთამაშის გეტრებზე ერთდროულად რამდენიმე დიდი ნახვრეტის დანახვა შეიძლება, საიდანაც კუნთები მოჩანს. ფეხბურთელები ამ ჭრილებს განზრახ აკეთებენ.

„მთელი საქმე ფუნქციურობაშია“ - ჰყვებოდა „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯერმეინ ჯენასი. – „მათ მიაჩნიათ, რომ მათი გეტრები ზედმეტად ვიწროა, ამიტომ მათში ნახვრეტებს აკეთებენ, რათა წვივებში სისხლის მიმოქცევას შეუწყონ ხელი და კრუნჩხვები აირიდონ თავიდან“.

ინგლისელმა მცველმა კაილ უოკერმა ადრე განმარტა, რომ გეტრების გაჭრა სწორედ წვივებზე უსიამოვნო ზეწოლის გამო დაიწყო. მისი თქმით, ნახვრეტები მოჭერის შეგრძნების შემცირების საშუალებას იძლეოდა. თუმცა, რამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ მან ეს იღბალსაც დაუკავშირა. ამასთან, სპეციალისტებს არ გააჩნიათ დამაჯერებელი სამეცნიერო მონაცემები იმის შესახებ, რომ გეტრებში არსებული ნახვრეტები ნამდვილად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, თავიდან გვაცილებს ტრავმებს ან გვეხმარება კრუნჩხვების არიდებაში.

საინტერესოა, რომ ჩამოწეული გეტრებით მოთამაშე ფეხბურთელები ხშირად უჩვეულოდ პატარა წვივსაფარებს იყენებენ. მაგალითად, იგივე გრილიში ჰყვებოდა, რომ უპირატესობას 7-8 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ წვივსაფარებს ანიჭებს. ეს მას საშუალებას აძლევს, რომ გეტრები ჩვეულებრივზე გაცილებით დაბლა ატაროს.

ამასთან, ფეხბურთის წესები არ ადგენს წვივსაფარების კონკრეტულ მინიმალურ ზომას, მაგრამ მოითხოვს, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ წვივის გონივრულ დაცვას და სრულად იფარებოდნენ გეტრებით. ამიტომ, ეკიპირების ტარების უჩვეულო მეთოდის მიუხედავად, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან დაიცვან უსაფრთხოების მოთხოვნები.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები