„იდგნენ და ილანძღებოდნენ“ | იოჰან ბოსკამპმა დინამო თბილისზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰან ბოსკამპმა, ბელგიურ HBVL-ს ინტერვიუ მისცა. „იბერია 1999“ კონფერენს ლიგაზე პირველ შეხვედრას ბელგიურ „სენტ-ტრიუდენთან“ გამართავს და ბოსკამპმა „დინამო თბილისზე“ ისაუბრა.
„იბერია 1999“ 1999 წელს დაარსდა. იმ ზაფხულს საქართველოში მუშაობდით, იქ როგორ მოხვდით?
„„მეხელენიდან“. რამდენიმე ქართველს ამ კლუბის ყიდვა უნდოდა, რათა სატელიტად გამოეყენებინათ და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროპაში თავის გამოჩენის შანსი მიეცათ. მათ სურდათ, მთავარი მწვრთნელი მე ვყოფილიყავი, ტექნიკური დირექტორი — პოლ ვან ჰიმსტი. საბოლოოდ, ეს არ მოხდა და ინვესტიცია „ვიტესში“ ჩადეს“.
მალევე „დინამო თბილისში“ დაინიშნეთ?
„ამ ხალხთან კარგი ურთიერთობა მქონდა და „გენტის“ დატოვების შემდეგ უკლუბოდ ვიყავი. მიმიწვიეს და მუშაობა დავიწყე. „დინამო თბილისი“ მაშინ საქართველოს საუკეთესო კლუბი იყო და 80-იანებში თასების მფლობელთა თასიც მოიგო“.
ეგრევე ჩემპიონები გახდით, ხომ?
„დიახ, მაგრამ, როდესაც გუნდი ჩავიბარე, ტიტული თითქმის განაღდებული გვქონდა. 5 ტური იყო დარჩენილი და 8 ქულით ვიყავით წინ“.
ეს თქვენს რეზიუმეში კარგად ჩანს, ხომ?
„ოჰ, მაგას საერთოდ არ ვუყურებ. თუმცა კარგად მახსოვს, ეგ ჩემპიონობა როგორ აღვნიშნეთ. ჩემპიონები რომ გავხდით, ორი დღის შემდეგ ფეხბურთელებს სავარჯიშო კომპლექსში შეკრება ვთხოვე. ეგონათ, საზეიმოდ ვიკრიბებოდით, სანამ არ ვუთხარი, რომ სპორტულები და სარბენი ფეხსაცმელები ჩაეცვათ, რათა თბილისის სიახლოვეს, ბორცვებზე ერბინათ. იდგნენ და ილანძღებოდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ იქვე პატარა რესტორანი მქონდა დაქირავებული, სადაც ისინი მივიყვანე. მთელი გუნდი მივედით და ხარჯები საკუთარ თავზე ავიღე. კაპიკები დამიჯდა, იქ ყველაფერი იაფი ღირდა“.
კლუბის მფლობელების მიზანი ჩემპიონობა იყო?
„არა, ისინი ჩემპიონები ყოველ წელს ხდებოდნენ, ამისთვის საერთოდ არ ვიყავი საჭირო. მათი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო და მიზნისთვის რომ მიმეღწია, დიდ ფულს ვიშოვიდი“.
თუმცა ეს არ გამოვიდა...
„დიახ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დავმარცხდით, რის შემდეგაც ჩემი კონტრაქტი ამოიწურა“.
ცნობისთვის, ბოსკამპმა საქართველო მალევე დატოვა და 2000 წელს „გენკი“ ჩაიბარა, შემდეგ კი „ალ-ვასლში“, „კაზმაში“, „სტოკ სიტიში“, „სტანდარდში“, „დენდერსა“ და „ბევერენში“ მუშაობდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს