„ოქროს ბურთს კეინი იმსახურებს“ | ჟან-პიერ პაპენს მბაპეს დამოკიდებულება არ მოეწონა
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ჟან-პიერ პაპენმა, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების ფავორიტი დაასახელა. პაპენმა კილიან მბაპე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პრესტიჟული ჯილდო ჰარი კეინმა უნდა მოიგოს.
„ოქროს ბურთი? სიმართლე გითხრათ, ჰარი კეინი ჩემი სუსტი წერტილია და მის მიმართ სიმპათიები მაქვს. ვფიქრობ, მას საოცარი სეზონი ჰქონდა და 73 გოლი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატზეც შთამბეჭდავი იყო და, კომუნიკაციის მხრივ, პრობლემები არ აქვს, უადგილოდ არაფერს ამბობს. კეინის ინტერესი მხოლოდ ფეხბურთია და ეს სასიამოვნო სანახავია.
რაც შეეხება კილიანს, მბაპე ძალიან მომწონს და ის რეკორდების მომხსნელი ფეხბურთელია, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ამბობს: „მე, მე, მე, მე, მე“. ერთხელ ისიც კი თქვა, რომ „ოქროს ბურთს“ მის გარდა არავინ იმსახურებდა, რაც, პირადად ჩემთვის, ძალიან ზედმეტია. გამარჯვებულს სხვები ავლენენ და რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. კილიანი მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ „ოქროს ბურთი“ არ უნდა მოიგოს“.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა 26 ოქტომბერს გაირკვევა. 30 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფება, თუმცა პაპენს მასზე არაფერი უთქვამს. ცერემონიას ლონდონი უმასპინძლებს და ფავორიტებად კეინი, მბაპე და იამალი მოიაზრებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს