სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

გოლი და გაძევება 9-წუთიან მონაკვეთში | ნარიმანიძემ სეზონში მეორედ გაიტანა

სლოვაკეთის Nika Liga-ში „ჟილინას“ ქართველმა მცველმა სანდრო ნარიმანიძემ „რუჟომბეროკს“ მე-16 წუთზე თავით ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ამ გოლით ანგარიში 0:2 გახდა, თუმცა შემდეგ, 22-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა ეპიზოდს გადახედა, პენალტი დაინიშნა და ქართველს წითელი ბარათი უჩვენა.

IFAB-ის (საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო) წესების მიხედვით, მსაჯმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სანდროს ბურთზე თამაშის მცდელობა არ ჰქონდა: „თუ მოთამაშე საკუთარ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესს დაარღვევს მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რითაც მას აშკარა საგოლე მომენტს დაუკარგავს და მსაჯი პენალტს დანიშნავს: დამრღვევი მოთამაშე ისჯება ყვითელი ბარათით (გაფრთხილებით), თუ დარღვევა იყო ბურთზე თამაშის მცდელობა ან ორთაბრძოლა ბურთისთვის. ყველა სხვა შემთხვევაში (მაგალითად: ხელს ჩაავლებს, მოქაჩავს, უბიძგებს, ბურთზე თამაშის მცდელობაც არ ექნება და ა.შ.) დამრღვევი მოთამაშე უნდა გააძევონ მოედნიდან (წითელი ბარათი).“

სანდრო ნარიმანიძე სლოვაკურ კლუბში 2025 წლის დასაწყისში გადავიდა. 1,5 სეზონში გოლი გატანილი არ ჰქონდა, მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატის 9 მატჩში (745 წუთი) უკვე 2 გოლი შეაგდო, ორივე თავური დარტყმით.

9 მატჩში 2 გოლის გარდა მის ანგარიშზე საგოლე პასია, რომელიც ბრატისლავის „სლოვანთან'' შეასრულა. შესანიშნავად შეასრულა, ამ პასით კარგად ჩანს, რომ ტექნიკურია და შეტევების განვითარება კარგად შეუძლია.

 

გასული სეზონის შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება 1,2 მილიონი ევრო იყო. ჯერ ფასი არ განახლებულა, თუმცა განახლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები