გადაწყვეტილია - მარკოიშვილი გალათასარაის გაწვრთნის
გასულ სეზონში, განსაკუთრებულ ვითარებაში, „მონაკოს“ საფრანგეთის ჩემპიონობამდე მიყვანის შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილი და სერგი გლადირი მალე კვლავ ერთად იმუშავებენ!
„მონაკოს“ დაშლის შემდეგ ორივე მწვრთნელი უკვე ერთი თვეა უმუშევარია, თუმცა თურქული მედიის ცნობით, „როკა თიმის“ ყოფილი დროებითი სამწვრთნელო დუეტი „გალათასარაიში“ გაერთიანდება.
ჯანმარკო პოცეკოსთან თანამშრომლობის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ სტამბოლურმა კლუბმა თავდაპირველად „მონაკოს“ კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელის, საშო ფილიპოვსკის მიწვევა სცადა.
სლოვენიელმა სპეციალისტმა 2018 წელს მონაკოში განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა თურქეთში დიდი პატივისცემით სარგებლობს „ბანვითთან“ მიღწეული შედეგების გამო — 2017 წელს მან გუნდს თურქეთის თასი მოაგებინა. თუმცა, მისმა ამჟამინდელმა კლუბმა, „ვიურცბურგმა“, რომელსაც ფილიპოვსკი 2021 წლიდან ხელმძღვანელობს, მწვრთნელის გაშვებაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ „გალათასარაიმ“ ყოფილ მოთამაშეს, მანუჩარ მარკოიშვილს მიმართა. ქართველმა კალათბურთელმა 2013 წელს „გალათასარაისთან“ ერთად თურქეთის ჩემპიონობა მოიპოვა და კლუბის ღირსებას წელიწად-ნახევრის განმავლობაში იცავდა.
მარკოიშვილი ჯანმარო პოცეკოს შემცვლელად დაინიშნა. იტალიელი სპეციალისტი ორშაბათს საღამოს, ყველა ტურნირზე ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქართველ მწვრთნელს ასისტენტის შერჩევის უფლებაც მისცეს და მან, მოსალოდნელად, არჩევანი სერგი გლადირზე შეაჩერა.
გასულ სეზონში „მონაკოში“ ამ ორმა სპეციალისტმა შესანიშნავად იმუშავა. მარტში, ვასილის სპანულისის გადადგომის შემდეგ, მათზე მთავარი პასუხისმგებლობა გადავიდა და სეზონის ბოლომდე ყველა საქმეს ერთად უმკლავდებოდნენ — ატარებდნენ ვარჯიშებს, ვიდეოანალიზს და მატჩისწინა სროლების დროსაც კი თავად უბრუნებდნენ ბურთებს კალათბურთელებს.
ევროლიგაში გუნდს მარკოიშვილი ხელმძღვანელობდა, საფრანგეთის ჩემპიონატში კი — გლადირი, თუმცა საბოლოოდ ორივემ ერთად მიიყვანა „როკა თიმი“ პარიზში გამართულ ფინალურ სერიამდე, რომლის მეხუთე მატჩშიც გუნდმა დრამატულ ბრძოლაში ჩემპიონობა მოიპოვა
თავდაპირველად ისინი საფრანგეთის მესამე დივიზიონის, „ნაციონალ 1“-ის გუნდში უნდა დასაქმებულიყვნენ, თუმცა საბოლოოდ ამ სეზონში თურქეთის ჩემპიონატსა (BSL) და ჩემპიონთა ლიგაში (BCL) იმუშავებენ. ახალ გარემოსთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეთ.
მათი პირველი მატჩი სტამბოლური დერბი იქნება — „გალათასარაი“ ევროლიგის მონაწილე „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდება, რომლის შემადგენლობაშიც „მონაკოს“ ყოფილი კალათბურთელი ფურქან ქორქმაზი თამაშობს.
თუმცა, პირველი დიდი გამოცდა მათ მომავალ სამშაბათს, 20 ოქტომბერს ელით, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე სტრასბურის „სიგ“-ს უმასპინძლებენ. ამ მეტოქის შესწავლა მათთვის, სულ მცირე, რთული მაინც არ უნდა იყოს.
????️ Le duo Manuchar Markoishvili - Sergiy Gladyr reste ensemble ! ???? Intérimaires champions avec l'AS Monaco, ils vont rebondir en #BasketballCL. ???????? Nommé coach de Galatasaray, Markoishvili a choisi Gladyr pour l'accompagner... évidemment ! ???????? https://t.co/RSx7FTid8j https://t.co/QBCB5He5er
— BeBasket (@Be_BasketFr) October 14, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს