ეფექტურად ჩატენა | მამუკელაშვილის 10 ქულა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ რეგულარული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პრესეზონის მორიგი შეხვედრა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართა და 89:101 დამარცხდა.
„ლეიკერსმა“, ლუკა დონჩიჩის არყოფნის მიუხედავად, პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და შესვენებაზე 13 ქულით იგებდა — 63:50. მეორე ნახევარში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა წამყვანი კალათბურთელები დაასვენა, რაც ანგარიშზეც აისახა.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 20 წუთი და 43 წამი გაატარა და 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სანდრომ ეფექტური მომენტიც შემოგვთავაზა და „გოლდენ სტეიტის“ კალათში ბურთი ბრუნში ჩატენა.
ქართველმა კალათბურთელმა 7 სროლიდან 4 გამოიყენა — 3-დან 2 ზუსტი სამქულიანი და 4-დან 2 ზუსტი ორქულიანი. „მამუმ“ ყველა მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა და მის პასივში 1 დაკარგვა იყო.
ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ლეიკერსს“ კიდევ ერთი შეხვედრა ელოდება. 17 ოქტომბერს ლოს ანჯელესური გუნდი „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს