12-წლიანი პაუზის შემდეგ - სან ანტონიო სუპერფინალში გავიდა
სან ანტონიო სპურსი 12-წლიანი პაუზის შემდეგ NBA-ის სუპერფინალში დაბრუნდა. დასავლეთ კონფერენციის ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში ტეხასურმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს, ოკლაჰომა სიტი თანდერს, სტუმრად 111:103 სძლია და სერიის გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „სპურსმა“ პირველი ნახევარი 56:53 მოიგო, მესამე მეოთხედი კი თანაბარ ბრძოლაში 24:24 დასრულდა. გადამწყვეტ პერიოდში სტუმრებმა თამაშის კონტროლი ხელიდან აღარ გაუშვეს, ბოლო 12 წუთი 31:26 მოიგეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.
გუნდს ვებმანიამამ ულიდერა. ახალგაზრდა ფრანგმა გადამწყვეტ შეხვედრაში 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მისი სტაბილური თამაში სერიის განმავლობაში განსაკუთრებულად დაფასდა და დასავლეთ კონფერენციის ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდოც დაიმსახურა.
მიუხედავად მარცხისა, შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა შაი გილჯეს-ალექსანდერმა. „თანდერის“ ლიდერმა 35 ქულა, 4 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა, თუმცა მისი ინდივიდუალური ძალისხმევა გუნდის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სუპერფინალში „სან ანტონიო“ ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდება. რეგულარულ სეზონში უკეთესი მაჩვენებლის წყალობით, „სპურსს“ მოედნის უპირატესობა ექნება და ჩემპიონობის სერიის პირველ ორ მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს.
ტეხასური კლუბი NBA-ის ჩემპიონობისთვის ბოლოს 2014 წელს იბრძოდა, როდესაც ლეგენდარული ტიმ დანკანის, ტონი პარკერის და მანუ ჯინობილის თაობამ ლიგის ტიტული მოიპოვა. ახლა კი „სპურსი“ ახალი ლიდერის, ვემბანიამას ხელმძღვანელობით, ისტორიაში კიდევ ერთი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.