რომა, ფიორენტინა, უოტფორდი, ედოარდო ბოვე
Aa
Aa

მინდორზე გაჩერებული გული და ნანატრი გოლი - ბოვეს ისტორია

ეს გოლი ალბათ ბევრჯერ წარმოედგინა - ამისთვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა. ალბათ, საჯარიმოს გარედან „ცხრიანში“ ძლიერი დარტყმა წარმოედგინა, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: დარტყმა რამდენიმე მეტრიდან ცარიელ კარში, მატჩი ბოლო წუთებზე, როცა მისი გუნდი ისედაც იგებდა. ამ გოლს არც სატურნირო ცხრილისთვის ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა: ჩემპიონშიფის მეათე ადგილიდან მისი გუნდი მეცხრეზე გადავიდა. თუმცა ეს გოლი ძალიან ემოციურად მთელმა გუნდმა აღნიშნა - მეტიც, მთელმა სტადიონმა.

471 დღე. ზუსტად ამდენი დრო გავიდა 2024 წლის დეკემბერში „ფიორენტინისა“ და „ინტერის“ მატჩიდან. ვიდრე ედოარდო ბოვე „არტემიო ფრანკის“ მწვანე მინდორზე დაეცემოდა, ორივე გუნდის ფეხბურთელები სხვა რამეზე ფიქრობდნენ: გააუქმებდა თუ არა VAR-ი ლაუტარო მარტინესის გოლს. ბოვე ამ ცხარე კამათში არ მონაწილეობდა, ის თითქოს თასმებს იკრავდა, შემდეგ კი უგონოდ დაეცა. „ფიორენტინაში“ განათხოვრებულ „რომას“ 22 წლის აღზრდილს გული გაუჩერდა - ისე, როგორც კრისტიან ერიქსენს 3 წლით ადრე.

ბოვე სასწრაფომ წაიყვანა, მატჩი კი შეწყდა. „ინტერის“ მმართველი ჯუზეპე მაროტა ამბობდა, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო.

2023 წლის დეკემბერში ბოვემ „რომასთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლის შემდეგ კი საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მას დეფიბრილატორი [მცირე ზომის ელექტრომოწყობილობა - უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალება] ჩაუდგეს. ასეთი ოპერაციის შემდეგ იტალიაში ფეხბურთის თამაში აკრძალულია, ამიტომ რთულია იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობდა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის კარიერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ედოარდო ბოვემ თქვა, რომ ფეხბურთში დაბრუნების იმედი აღარ აქვს და ამიტომ ეკონომიკის კურსის გავლას აპირებს, სადაც ამ დრომდე სწავლობს.

ამას მოჰყვა ერთწლიანი რეაბილიტაცია. ბოვეს ერიქსენიც დაუკავშირდა. „ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. კრისტიანმა ეს ყველაფერი უკვე გაიარა, ამიტომ მისი მხრიდან გამოჩენილმა ყურადღებამ ძალიან გამახარა“, - ამბობდა ედოარდო ბოვე.

2026 წლის იანვარში ბოვემ „რომასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და იტალიის საზღვრებს გარეთ კლუბის ძებნა დაიწყო. პრესა წერდა ბუნდესლიგისა და პრემიერლიგის კლუბების ინტერესზე, მათ შორის ახსენებდა „ლივერპულსაც“, თუმცა ყველაფერი შემთხვევითობამ გადაწყვიტა.

ბოვე „ფიორენტინას“ ყველა მატჩს ესწრებოდა, გასული სეზონის ბოლო მატჩში კი „იები“ „უდინეზეს“ ხვდებოდნენ. უდინეში აეროპორტი არაა, ამიტომ ბოვე ტრიესტში ჩაფრინდა, თუმცა კლუბმა მას მანქანა არ დაახვედრა. ბოვე ტელეფონით ტაქსის გამოძახებას ცდილობდა, რაც მას მოხუცი კაცი მიუახლოვდა და „უოტფორდისა“ და „უდინეზეს“ სპორტული დირექტორად, ჯანლუკა ნანიდ გაეცნო.

„ჯანლუკას არ ვიცნობდი, თუმცა ის კარგად იყო ჩაცმული და გადავწყვიტე, გავყოლოდი. გზად ის მეკითხებოდა, თუ როგორ ვგრძნობ თავს, ვვარჯიშობ თუ არა, შემდეგ კი დამპირდა, რომ ერთად ვიმუშავებდით“ - იანვარში „უოტფორდმა“ ბოვესთან 5.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობილია, რომ ყველა გზა რომში მიდის. ზოგიერთი კი რომიდან და ერთ-ერთმა ასეთმა გზამ მარადიული ქალაქი ლონდონის გარეუბანს დაუკავშირა. 17 მარტს „უოტფორდისა“ და „რექსჰემის“ მატჩს „რომას“ ლონდონური ფანკლუბის 20 წევრიც ესწრებოდა. „მაშინაც კი, როდესაც რომიდან მიდიხარ, შენ მარტო არ ხარ“ - ასეთი ბანერით იყვნენ ისინი წარმოდგენილი „ვიკარეიჯ როუდზე“.

ამ დღეს ედოარდო ბოვეს შეიძლება არც ეთამაშა, მოედანზე მისი დაბრუნების საკითხში „კრაზანები“ სიფრთხილეს იჩენენ. იტალიელი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა, 95-ზე კი გოლს აღნიშნავდა. პარალელურად ჩემპიონთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა, სადაც ათობით უფრო ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი გავიდა, თუმცა ბოვეს გოლზე უფრო ნანატრი ვერც ერთი იქნებოდა.

„ეს ჯადოსნური ღამე იყო. მარტივი გოლი გავიტანე, ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა. აღნიშვნა კი ფანტასტიკური იყო. გულშემატკივრებისკენ წავედი, მადლობელი ვარ გუნდის, სამწვრთნელო შტაბის, პერსონალის, ფიზიოთერაპევტებისა და ექიმების, რომლებიც ჩემს მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებოდნენ და მოედანზე დაბრუნების საშუალება მომცეს“.

გოლის აღნიშვნისას ბოვემ მაისური გაიხადა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. მსაჯს გულის ნაცვლად ნაგვის ურნა აქვსო, იტყოდა ჯიჯი ბუფონი, მაგრამ მთავარია, რომ გული წესრიგში ედოარდო ბოვეს ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე ტრავმა, დედის გარდაცვალება და დის ავადმყოფობა - კომპანის სირთულეები წარმატების გზაზე
მძიმე ტრავმა, დედის გარდაცვალება და დის ავადმყოფობა - კომპანის სირთულეები წარმატების გზაზე