აზრთა სხვადასხვაობა პენალტებზე - მწვრთნელები უკმაყოფილონი დარჩნენ
მადრიდში გამართული „ატლეტიკო“ - „არსენალის“ (1:1) შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დაფიქსირებული ანგარიში შეიძლება ითქვას, რომ სრულიად სამართლიანი იყო. თუმცა, არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელმაც სამი შესაძლო პენალტიდან ორი დანიშნა, მესამე კი VAR-ის კარნახის შემდეგ გააუქმა, როგორც დიეგო სიმეონე, ასევე მიკელ არტეტა უკმაყოფილო იყო.
დიეგო სიმეონე
როდესაც პენალტს ნიშნავ, წესების დარღვევა ასპროცენტიანი უნდა იყოს.ჰანცკოსა და დიოკერეშის ორთაბრძოლის დროს კი კონტაქტი მინიმალური გახლდათ, თანაც ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და არა რიგითი მატჩი. პირველი ნახევარი თანაბარი იყო, მეტოქე ბურთს კარგად ფლობდა, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდა. მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ და ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელები ძირითადში მყოფებზე უკეთესები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში „არსენალს“ ვაჯობეთ, მათი ინტენსივობა შემცირდა, ჩვენი ორგანიზებულობა კი გაიზარდა.
მიკელ არტეტა
კარგი მომენტები გვქონდა და სირთულეებსაც წავაწყდით. ებერეჩი ეზეზე სუფთა პენალტი არ დანიშნეს და მსაჯის ამ გადაწყვეტილების არსს ვერ ჩავწვდი. პირველი ორი პენალტი დასანიშნი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი დარღვევიდან ინგლისის პრემიერლიგაში 11-მეტრიანისკენ არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებდნენ, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და სხვაგვარად აფასებენ ყველაფერს. მეორე ტაიმის დასაწყისი საშინლად არ მომეწონა, უკანასკნელ 15-20 წუთში გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ - „ატლეტიკოს“ ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა ლონდონში, „ემირეით სთედიუმზე“ სამშაბათს, 5 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.