11-მეტრიანები და ფრე მადრიდში - ფინალისტი ლონდონში გაირკვევა
გუშინდელი საოცარი მატჩის შემდეგ, ბუნებრივია მეორე ნახევარფინალზე გადართვა და იგივე განწყობის შექმნა ყველა გულშემატკივრისთვის რთული იყო, თუმცა „ატლეტიკოსა“ და „არსენალს“ ცუდი ფეხბურთი ნამდვილად არ უჩვენებიათ. მადრიდში ჩატარებული შეხვედრა მონაკვეთებად იყო დაყოფილი და გამარჯვება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ 1:1 დაფიქსირდა, რაც ალბათ სრულიად სამართლიანი შედეგია.
მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საგოლე მომენტი როგორც სტუმრების, ასევე მასპინძლების კართან შეიქმნა. შესვენებაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, მადრიდელებმა, კერძოდ კი დავიდ ჰანცკომ ვიქტორ დიოკერეშის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და დანიშნული 11-მეტრიანი გოლად თავად შვედმა ფორვარდმა აქცია.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე როხიბლანკომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ყოველივე ეს გატანილ გოლშიც მალევე აისახა. ფრანგმა არბიტრმა ნორდი მუკიელემ 11-მეტრიანი ამჯერად „ატლეტიკოს“ სასარგებლოდ დანიშნა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ხულიან ალვარესმა აქცია. ეს უკანასკნელი რამდენიმე წუთში დაშავდა და დიეგო სიმეონე იძულებული გახდა თანამემამულე შეეცვალა. მიკელ არტეტამ კი თამაშის გაძლიერება ეზე-ტროსარი-საკას ტრიოს შეყვანით სცადა. ეზეს წაქცევისთვის არბიტრმა თავდაპირველად პენალტი დანიშნა, თუმცა VAR-მა გადამოწმებისკენ მიუთითა და პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა.
ცნობისათვის, „არსენალი“ – „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩი „ემირეით სთედიუმზე“ 5 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი ლონდონელები პრემიერლიგაში „ფულჰემს“ უმასპინძლებენ, ხოლო მადრიდელები ლა ლიგაში სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდებიან.