კვარამდე ეს მხოლოდ იბრაჰიმოვიჩმა შეძლო - ხვიჩას უნიკალური შედეგი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგნელობაში ისტორიის წერას აგრძელებს. ნახევარფინალში, „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ მატჩში ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 10 გოლი დაუგროვდა.
საგულისხმოა, რომ ამ შედეგით, ხვიჩა პარიზული გუნდის ყოფილ შემტევს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა. ვეტერანმა შვედმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონში 10 გოლის გატანა შეძლო და მასზე უკეთესი შედეგი ჯერჯერობით, არავის ჰქონია.
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც იბრაჰიმოვიჩის შედეგი გაიმეორა, ხვიჩა კვარაცხელიაა. თუ „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრაში, ქართველი შემტევი კიდევ გაიტანს, მაშინ ის პსჟ-ს ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში საუკეთესო გოლეადორი გახდება.
ხვიჩა „ბაიერნთან“ დუბლის შემდეგ უკვე შევიდა პსჟ-ს ისტორიაში. ქართველს ტურნირზე 15 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (10 გოლი, 5 საგოლე პასი), რაც აქამდე პარიზული გუნდის არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნი“ 9-გოლიან თრილერში 5:4 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.