„არბუზოვი ტატოსგან მსოფლიოზე სათანადო პასუხს მიიღებს“ - გუჯეჯიანის შეფასება
თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის უზომოდ წარმატებული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა შეჯიბრება 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა. გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ლაშა გუჯეჯიანმა ევროპის ჩემპიონატზე თითქმის ყველა წონით კატეგორიაში განვითარებული მოვლენები შეაფასა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი მოსაზრება ტატო გრიგალაშვილის მარცხზე, რომელსაც ფინალში რუსმა ტიმურ არბუზოვმა აჯობა.
ლაშა გუჯეჯიანი
კონტინენტის პირველობისთვის განსაკუთრებულად არა, უბრალოდ ჩვეულ რიტმში, დიდი პასუხისმგებლობით მოვემზადეთ, რადგან ვიცოდით, რომ ტურნირი ჩვენს სამშობლოში ტარდებოდა და უფლება არ გვქონდა ღირსეულად არ გვეასპარეზა. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, არ ვიტყვი, რომ იდეალურად, მაგრამ ჩემპიონატს დამაკმაყოფილებელ ფორმაში შეხვდა. თუმცა, ტურნირის მსვლელობისას ტრავმა მიიღო, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ეს კატასტროფა არ არის, მოვიშუშებთ ყველაფერს. მთავარია, რომ ლაშა გამარჯვებებს ისევ მოწყურებულია. თამამად ვიტყვი, რომ მსგავსი ძიუდოისტი, მსგავსი გრძნობებითა და განწყობით, რომელიც მეტოქის მინიმალურ შეცდომასაც იყენებს, არასოდეს არ მინახავს.
ვერ ვიტყვი, რომ თუშიშვილი ბოლომდე მზად იყო, თუმცა მთელი შეკრების განმავლობაში ჩემს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გურამი დამერწმუნებინა, რომ ის მომზადებული იყო, როგორც არასდროს. თუმცა, თუშიშვილს ჩემპიონატი ამის ხარჯზე არ მოუგია და ასეთი გრძნობებით ტატამიზე არ გასულა - გავიდა პროფესიონალის გრძნობით და გამოცდილებამ და გამარჯვების დაუოკებელმა სურვილმა წარმატებამდე მიიყვანა.
ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოში ყველანაირ სტერეოტიპებს ანგრევს. მისი ასაკის სპორტსმენი ბევრი მინახავს, რომელიც ცდილობდა შედეგი დაედო, თუმცა სურვილის მიუხედავად ამის გაკეთება არ გამოუვიდათ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ვარჯიშებზე გამძლეობა და ინტენსივობა უმცირდებოდათ. შავდათუაშვილის ვარჯიში მაშინაც მინახავს, როდესაც 17 წლის იყო და ნაკრებში თავის დამკვიდრებას ცდილობდა და მერწმუნეთ, როგორ თავდაუზოგავადაც მაშინ შრომობდა, ისევეა ახლა. ვერ გეტყვით საიდან აქვს ამის რესურსი და შესაძლებლობა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეში სამჯერადი უმძიმესი ვარჯიშების შემდეგ საღამოს ჩვეულებრივად არის და ტელევიზორს უყურებს.
ტიმურ არბუზოვი ტატო გრიგალაშვილს რამდენჯერმე გადაეღობა გზაზე, ის უკვე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა, რომ ის ტატოს დონის ძიუდოისტი არ არის და ამაზე სპორტის ამ სახეობის ნებისმიერ სპეციალისტს შემიძლია ვეკამათო. საერთოდ, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ტატო გრიგალაშვილის, ასევე გიორგი სარდალაშვილის ბოლოდროინდელ შედეგებზე პასუხისმგებელი მათზე მეტად მე ვარ, რადგან ისინი წონის მკლებლები არიან.
რაღაც ნაწილში ისევ ჩვენი ამ ოჯახური დამოკიდებულებიდან და გათვალისწინებიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ წელს ჩვენ ოქტომბერში გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატი გასამართი, ამისთვის არ ვიცი რატომ, მაგრამ დავინდე ბიჭები, რომ იმ ტურნირებზე, რომლებიც ევროპის ჩემპიონატამდე იყო, გიორგი და ტატო თავიანთ წონებში არ ვაასპარეზე. შედეგად გამოვიდა ისე, რომ ფაქტიურად ერთი წელი არც სარდალაშვილს და არც გრიგალაშვილს წონა დაკლებული არ ჰქონდათ და ამ მარცხების მიზეზიც სწორედ ეს იყო. მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტატო ერთ ტურნირზე მაინც დაიკლებს წონას და 81-ში იჭიდავებს და პლანეტის პირველობაზე არბუზოვი მისგან სათანადო პასუხს მიიღებს.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტატოსთან დაკონტაქტებას მაქსიმალურად ვერიდებოდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მეშინოდა ფსიქოლოგიურად გატეხილი არ ყოფილიყო. თუმცა, მინდა სიხარულით გითხრათ, რომ ტატო იმაზე ორმაგად მაგარ განწყობაზეა, ვიდრე აქამდე იყო და პირობა მომცა, რომ სულ მალე არბუზოვის ბუმბულს გაშლილ-გაფანტულს გვაჩვენებს.
ცნობისათვის, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონობას გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ, ხოლო ილია სულამანიძემ (-100 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.