ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური!“ - ევროპული მედია ხვიჩას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში გულშემატკივარმა საოცარი სანახაობა იხილა. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და 9-გოლიან თრილერში 5:4 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა შემტევმა „ბაიერნის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და მთელი 84 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე იყო, ჩვეულ დრიბლინგებს, რეიდებსა და ცრუ მოძრაობებს გვთავაზობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, UEFA-ს მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა, თუმცა ევროპული მედიის დიდმა ნაწილმა საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია მიიჩნია.

გთავაზობთ გავლენიანი ევროპული სააგენტოების შეფასებებს:

L’Equipe- „როგორც ყოველთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველისგან ეს იყო კლდისა და ალმასის მატჩი. ორთაბრძოლებში შეუპოვარი იყო, უპამეკანოსთან უმძიმესი ფიზიკური დაპირისპირება გადაიტანა და სტანიშიჩის მეურვეობის გამო, ხშირად უწევდა კარისკენ ზურგით თამაში. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია — 24-ე წუთზე მრისხანე გამათანაბრებელი გოლით „პარიზს“ ახალი მუხტი მისცა, 56-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა. 84-ე წუთზე ის სენი მაიულუმ შეცვალა, რომელმაც ცოტა ხანში (87-ე წუთზე) ბურთი ძელს გაარტყა.“

Footmercato – „მატჩის საუკეთესო მოთამაშე კვარაცხელიაა. პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა, რომ ყოფილ ნეაპოლელს გამორჩეული საღამო ექნებოდა. მისმა რეიდებმა მარცხენა ფლანგზე უდიდესი პრობლემები შეუქმნა ბაიერნის დაცვას და განსაკუთრებით — სტანიშიჩს. მართლაც რთული საწყისი 20 წუთის შემდეგ, სწორედ მისმა მწვავე მოქმედებებმა გამოაფხიზლა გუნდი. თავისი საფირმო, დიაგონალური დარტყმით გატანილი გოლით გარემარბმა პსჟ თამაშში დატოვა, მანამ სანამ 56-ე წუთზე ჰაკიმის ჩაწოდებას დააგვირგვინებდა და დუბლს გაიფორმებდა. მიუხედავად ბარძაყის არეში დისკომფორტისა, ქართველმა ბოლომდე იბრძოლა და დაცვით ფაზაშიც უდიდესი სამუშაო გასწია.“

Eurosport – „კიდევ ერთი ფანტასტიკური თამაში. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე უკვე 10 გოლია. საოცარი გოლი პირველ ტაიმში და უმაღლესი კლასი. როდესაც კვარაცხელია წინ მიიწევს, მისი შეჩერება შეუძლებელია. მეორე ტაიმში მარჯვენა ფეხით კიდევ ერთხელ გაიტანა. შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური.“

Goal.com – „კვარა პსჟ-ს უმძიმესი საწყისი წუთების შოკის დაძლევაში ზუსტად იმ ბრწყინვალე ფლანგური თამაშით დაეხმარა, რასაც უკვე მივეჩვიეთ. ქართველი ჯორჯ ბესტისგან“. მეორე გოლის ეპიზოდშიც შესანიშნავად იმოქმედა და უბრალოდ დიდი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება, როცა ის ასეთ ფორმაშია.“

The Athletic - „როგორც კი მცირე თავისუფალ სივრცეს იღებს, მოედანზე სასწაულებს ახდენს. ამაღამ კი მას ეს სივრცე უხვად ჰქონდა.“

Sport Illustraded – „პირველი ტაიმის მიწურულს ყველამ ინერვიულა, როდესაც ქართველმა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო, რადგან ის პირველ ნახევარში უბრალოდ ბრწყინავდა. საბედნიეროდ, მან თამაშის გაგრძელება შეძლო და შესვენების შემდეგ მეორე გოლიც გაიტანა.“

Le Parisien - „ქართველმა თავისი ბრწყინვალე ფორმა დაადასტურა და დიდი ევროპული საღამოების საკადრისი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მან პირველი გოლი თავისი „საფირმო“ დარტყმით შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა, მოგვიანებით კი დუბლი გაიფორმა იმ ეპიზოდში, სადაც მეტოქის დაცვას უყურადღებოდ დარჩა და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. საგულისხმოა, რომ ხვიჩა პარიზული გუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მსგავს შედეგს მიაღწია.

პსჟ-სა და „ბაიერნს“ შორის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა მისი სცენაა | ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი და მიღწევები
ჩემპიონთა ლიგა მისი სცენაა | ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი და მიღწევები