„ხვიჩა ოქროს ბურთისთვის ოლისესთან და კეინთან იბრძოლებს“ - ინტერვიუ მამუკა კვარაცხელიასთან
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩის შემდეგ მთელი საქართველო ფეხბურთზე ლაპარაკობს. არ აქვს მნიშვნელობა უყვართ თუ არა სპორტის ნომერ პირველი სახეობა, აბსოლუტურად ყველა ქართველი უზომოდ ამაყია „პსჟ“-ის მეშვიდე ნომრით და მისი ბოლოდროინდელი ასპარეზობით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ხვიჩასთან დაკავშირებით თუ ვინმე ფლობს ზღვა ინფორმაციას, ეს მამუკა კვარაცხელიაა, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის უცნობი ადამიანი ნამდვილად არ გახლავთ და ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.
როდესაც მამუკას დავუკავშირდით, ის კვარას მშობლიურ წალენჯიხაში იმყოფებოდა და ჰქონდა ბედნიერება გუშინდელი თამაშისთვის ხვიჩას ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარემოცვაში ეყურებინა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან გუშინდელი მატჩის გაანალიზების გარდა, „ოქროს ბურთის“ მოსაგებად კვარაცხელიას შანსებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
მამუკა კვარაცხელია
გუშინდელი თამაშის შემდეგ მე კი არა ძალიან ცნობილმა ფეხბურთელებმაც თქვეს ხვიჩაზე, რომ კილიან მბაპეზე მაგარია. ჩემთვის ახლა ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამჟამად წალენჯიხაში ვარ კვარაცხელიებთან. ხვიჩას მამა ბადრიც ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, რომელიც პასპორტში არის ბადრი, თორემ რეალურად ხვიჩა ჰქვია და მათი ბაბუა მამია კვარაცხელიაც ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და მაკრატელების ოსტატს უწოდებდნენ. მოკლედ აქ ისეთი საოცარი ზეიმი იყო, როგორიც ალბათ 1981 წელს თბილისის „დინამოს“ წარმატებას თასების თასზე და 2024 წელს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოჰყვა.
35 წელია ფეხბურთში ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ვარ და ყველა მატჩს რომ იტყვიან ჩაციკლული სპეციალისტის თვალით ვუყურებ. რა შემიძლია გუშინდელ შეხვედრაზე ვთქვა? მიუნხენის „ბაიერნი“ უძლიერესი გუნდია და მოუგო კიდევაც რამდენიმე თვის წინ „პარი სენ-ჟერმენს“ და თანაც ისე, რომ ყველაფრით აჯობა. ნამდვილად არ მეგონა ვენსან კომპანი თუ ასეთ კლუბს გააკეთებდა, თუმცა მაგარი შეკრული გუნდი ჰყავს და ოლისე ხომ საერთოდ ისეთი მაგარია, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მისი, ხვიჩა კვარაცხელიას და ჰარი კეინის ტრიოდან უნდა აარჩიონ.
საოცარ დროს იტვირთა ლიდერობა ხვიჩამ, მაშინ როდესაც ჩამოყრილი ჰქონდა პსჟ-ის ყურები და ისეთი გოლი გაიტანა, რომ ეგეთი ბურთები აღარ გადის. აშკარად ჩანდა, რომ იცოდნენ მცველებმა, ხვიჩა მარჯვნივ შეიწევდა, თუმცა მიუხედავად ამისა მისთვის ხელის შეშლა ვერ მოახერხეს. მეგონა, რომ პენალტსაც კვარას დაარტყმევინებდნენ და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ბურთთან დემბელე მივიდა.
ჩანდა, რომ გუშინ ხვიჩას დღე იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინ და უკან დარბოდა. ლუის ენრიკესგან იცით რა გამიკვირდა? როდესაც ხედავ, რომ ხვიჩას შეტევაში ასე მისდის თამაში და მის გარდა ვერავინ ვერაფერს აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მეკარესთან პირისპირ გადიან დემბელე და სხვა ფეხბურთელები, ასეთ დროს კვარასთვის უნდა ეთქვა, რომ დარჩი წინ, შენი საქმე დღეს უკან ჩამოსვლა არ არის და მთელი ენერგია თავდასხმას მოახმარე. სწორედ ასე აკეთებდნენ ნიდერლანდელი მწვრთნელები რობენთან მიმართებაში და ამიტომაც იყო არიენი ნაკრებში გამუდმებით პროდუქტიული.
ენრიკეს მეორე შეცდომა კი ის იყო, რომ 5:2-ზე გუნდი მთლიანად უკან არ დაწია. ასე რომ მოქცეულიყო, „სენ-ჟერმენს“ საოცარი კონტრშეტევები გამოუვიდოდა და ყველა გადმოგდებული ბურთი შეიძლება გოლით დაგვირგვინებულიყო. გარდა ამისა, უპრიანი იქნებოდა ბრედლი ბარკოლა დეზირე დუეს მაგივრად უფრო ადრე უნდა გამოეყვანა, რადგან ბარკოლამ სირბილი იცის, გადმოგდებულ ბურთზე ყველას აჯობებდა და მართალია გამორჩეული ბომბარდირი არ არის, მაგრამ ოთხიდან ერთ მომენტს მაინც გამოიყენებდა და შესაძლოა პსჟ გუშინვე გასულიყო ფინალში.
მიუნხენში გასამართი საპასუხო მატჩის წინ შანსები 50/50-ზეა, შეიძლება 51/49-ზეც იყოს „ბაიერნის“ სასარგებლოდ, რადგან ოლისე გუშინაც ვერ შეაჩერეს და ამის გაკეთება მხოლოდ ზონური დაცვით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვამბობ, როდესაც სამბურთიანი ფორა ჰქონდათ, პარიზელები დაცვაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და კონტრშეტევებზე ეთამაშათ, რადგან მერწმუნეთ, მიუნხენელებს პარიზელებზე სუსტი დაცვის ხაზი ჰყავთ.
რატომ გაიხსნა ასე ხვიჩა? როდესაც მაგარ ფეხბურთელს მაგარი პარტნიორები ჰყავს, ეს მას ძალიან ეხმარება. რომ დარჩენილიყო „რუბინში“, იგივე დაემართებოდა, რაც მალხაზ ასათიანსა და ზაზა ჯანაშიას დაემართათ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ არწასვლის გამო. ხომ აკვირდებით, სადებიუტო სეზონს კვარა ყველგან მაგრად ატარებს და შემდეგ ყველა კლუბისთვის გადაიზრდება ხოლმე. ახლა აუცილებელია პსჟ-ში კიდევ ერთი სეზონი დარჩენა, რადგან ღმერთმა ქნას ფინალში გავიდნენ და მეორედ აიღონ თასი, რაც ნამდვილი საოცრება იქნება. „სენ-ჟერმენის“ შემდეგ კი მინდა „რეალში“ წავიდეს, რაც ვინისიუსის წასვლის შემდეგ ნამდვილად რეალური იქნება.
ისევ „ბაიერნს“ რომ დავუბრუნდეთ - „ალიანს არენაზე“ თამაშს არც კვარა მოიგებს, არც დემბელე, არც ბარკოლა და არც ვიტინია. აქ მოიგებს და წააგეს ლუის ენრიკე და ვინ უფრო მაგარი მწვრთნელია, ის თუ კომპანი, რამდენიმე დღეში გამოჩნდება.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში 10 გოლი და 5 საგოლე პასია, რითაც „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა დროის რეკორდსმენი გახდა, რადგან ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება ამ გუნდის არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.