ესპანური კლუბის რადარზე | წიტაიშვილს მსურველი გამოუჩნდა
გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონში „მეცის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველმა გარემარბმა მონაწილეობა ჩემპიონატის 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
წიტაიშვილს „მეცთან“ საიჯარო ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფრანგული კლუბი უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა და დაბალი შანსია, გიორგის შენარჩუნება მოახერხოს. მით უმეტეს, რომ მას მსურველები უკვე ჰყავს.
„მეცთან“ დაახლოებულმა გამოცემამ, Le Feu Sacre-მ გვაუწყა, რომ წიტაიშვილი რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრშია და ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ გახლავთ. „გიორგი წიტაიშვილის მომავალი შესაძლოა, ესპანეთში დაიწეროს. ფეხბურთელი „ვილიარეალის“ რადარზე იმყოფება, რომლის რიგებშიც „მეცისთვის“ კარგად ნაცნობი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს“, — აცხადებს Le Feu Sacre.
შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი 25 წლისაა და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. ცოტა ხნის წინ, მასზე L’Équipe-მა დაწერა და აღნიშნა, რომ ზაფხულში გიორგის აუცილებლად ბევრი მსურველი ეყოლება.