„დაუჯერებელია, აცტეკაზე გავიმარჯვეთ“ - ტუხელი გუნდით ამაყობს
მეხიკოში, ლეგენდარულ „აცტეკას“ სტადიონზე გულშემატკივარმა დაუვიწყარი საფეხბურთო სანახაობა იხილა, სადაც ტურნირის თანამასპინძელი მექსიკა ინგლისთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დაამარცხდა და უკანასკნელი ცხრა მსოფლიოს ჩემპიონატიდან ტურნირს მერვედფინალში მერვედ გამოეთიშა. რაც შეეხება ალბიონელებს, მათ ზედიზედ მესამე მუნდიალზე შეძლეს მეოთხედფინალში გასვლა, რითაც მათი დამრიგებელი ტომას ტუხელი სიხარულს ვერ მალავდა.
ტომას ტუხელი
გიჟური მატჩი გამოდგა, სადაც ჩემი გუნდის თითოეული წევრის ქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. იყო პატარ-პატარა ჩავარდნები, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ სწორი მენტალიტეტით ვმოქმედებთ. როდესაც საქმე ცუდად მიდის, ფეხბურთელები არ ტყდებიან და თვითრწმენას არ კარგავენ, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს თამაში ჯერ კიდევ უნდა გავაანალიზოთ, წარმოიდგინეთ, მექსიკა ასეთ კლიმატურ პირობებში „აცტეკაზე“ დავამარცხეთ, უბრალოდ დაუჯერებელია.
ხავიერ აგირე
ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ. მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მაგრამ ეს გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მეტოქედ არაჩვეულებრივი გუნდი გვყავდა. ინგლისი ისეთი მოწინააღმდეგეა, რომელიც მცირე შეცდომის დაშვებასაც არ გაპატიებს. ცვლილებების გაკეთებით რისკზე წავედი, რათა რიცხობრივ უმრავლესობაში ყოფნა გამოგვეყენებინა, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა.
ცნობისათვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დასახელდა, რომელმაც დუბლი 99-წამიან მონაკვეთში შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალში ინგლისის მეტოქე ნორვეგია იქნება და მატჩი თბილისის დროით, 12 ივლისს, 01:00 საათზე დაიწყება.