კონგრესში ინფანტინოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
ამერიკელმა კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჯეიმი რასკინმა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
კერძოდ, რასკინი ითხოვს, რომ ფიფამ 9 აგვისტომდე წარმოადგინოს სრული ინფორმაცია ორგანიზაციის მხრიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გადაცემული საჩუქრების, ფულადი გადარიცხვებისა და სხვა მატერიალური სარგებლის შესახებ.
გარდა ამისა, გამოძიება დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ბილეთების ფასთან დაკავშირებით - საუბარია „დინამიკური შეფასების“ კომერციულ სტრატეგიაზე, რომლის შედეგადაც რიგითი გულშემატკივრებისთვის ბილეთების ფასი მასიურად გაიზარდა.
ჯეიმი რასკინი ასევე ითხოვს, რომ ჯანი ინფანტინო პირადად წარდგეს წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების წინაშე და გასცეს პასუხი მათ ყველა კითხვას.
„ფიფას პრეზიდენტად თქვენი არჩევა უნდა გამხდარიყო „წითელი ბარათი“ იმ კორუფციისა და სკანდალების მიმართ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აზარალებდა მსოფლიო ფეხბურთის რეპუტაციას. ამის ნაცვლად, თქვენი მმართველობის დასაწყისში ფიფაში გაუქმდა ეთიკის კომიტეტი, ხოლო გამჭვირვალობის ნაკლებობამ გზა გაუხსნა ტრამპის ადმინისტრაციასთან თქვენს ისეთ ურთიერთობას, რომელსაც ფიფას ეთიკის კომიტეტის ყოფილი წევრი „ლეგალურ ქრთამს“ უწოდებს“, - აღნიშნავს ამერიკელი კონგრესმენი.
ცნობისთვის, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში ხმათა უმრავლესობა არ აქვთ, რის გამოც ჯეიმი რასკინს არ შეუძლია, ინფანტინოს კონგრესმენების წინაშე წარდგენა კანონის ძალით აიძულოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დემოკრატების ამ მოთხოვნას რესპუბლიკელი კონგრესმენებიც დაუჭერენ მხარს.