„პოლიტიკამ ფეხბურთი დაჩრდილა“ - ბლატერმა ინფანტინოს შეუტია
იოზეპ ბლატერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჯანი ინფანტინოს ხელმძღვანელობით FIFA-ს საქმიანობა კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა და ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
FIFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ორგანიზაციას 1998-2015 წლებში ხელმძღვანელობდა, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტურნირს ღირსეული ჩემპიონი ჰყავდა, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ფეხბურთმა საკუთარი სანდოობის ნაწილი დაკარგა.
„ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მშვენიერი ჩემპიონით, თუმცა ფინალურ სასტვენამდე მიმავალ გზაზე ტურნირმა სანდოობა დაკარგა. პოლიტიკას არ უნდა მიეცეს უფლება, თამაში დაჩრდილოს. ახლა გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და ეროვნული ფედერაციების ვალია, დაიბრუნონ ფეხბურთი და ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იგი საკუთარ ფესვებს დაუბრუნონ.“
« Le tournoi a perdu sa crédibilité » : l’ancien président de la Fifa Sepp Blatter s’en prend à Infantino après le Mondial
— Le Parisien (@le_Parisien) July 22, 2026
➡️ https://t.co/OtxnlS8RnM pic.twitter.com/lNbGLz9daW
ბლატერის განცხადება ესპანეთის მიერ ფინალში არგენტინის ნაკრების 1:0 დამარცხებიდან ორი დღის შემდეგ გავრცელდა. შვეიცარიელი მთელი ტურნირის განმავლობაში ორგანიზატორებისა და FIFA-ს ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.
შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი FIFA-ს პრეზიდენტის პოსტიდან 2015 წელს, კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებული გამოძიების ფონზე გადადგა. საქმეში ასევე ფიგურირებდა მიშელ პლატინი, რომელსაც ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალი ჰქონდა წარდგენილი. მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2025 წელს ორივე მათგანი გამართლდა.
ბლატერის გადადგომის შემდეგ FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა, რომელიც მანამდე UEFA-ში მიშელ პლატინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე და გენერალური მდივანი იყო. ინფანტინო 2016 წლიდან მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, თუმცა მისი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი სხვადასხვა გადაწყვეტილებისა და ტურნირების ფორმატის გამო.