„VAR-ს ჩაეძინა, დამსახურებულად მოვიგეთ“ | რა თქვეს ფლიკმა და ჟოზემ კლასიკოს შემდეგ
ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა და „ბარსელონა“ „რეალს“ „კამპ ნოუზე“ დაუპირისპირდა. მატჩი „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით დასრულდა და ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა 2:1 მოიგეს. „რეალის“ მხრიდან დუბლით კილიან მბაპე გამოირჩა, „ბლაუგრანას“ მაისურით კი გოლი რაფინიას ანგარიშზეა.
რა თქვეს მთავარმა მწვრთნელებმა მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიო: „შესანიშნავი, მაღალი დონის შეხვედრა იყო. ორივე გუნდი მოსაგებად თამაშობდა და ჩემმა ბიჭებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. ორგანიზებული ვიყავით და გამბედაობა არ გვაკლდა მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც პრესინგს ხშირად მიმართავს. მეორე ტაიმში „ბარსელონას“ სათანადო რეაქცია ჰქონდა, თუმცა სიმშვიდე შევინარჩუნეთ და წონასწორობა არ დაგვიკარგავს. ბრწყინვალე გამარჯვებას მივაღწიეთ. მსაჯს შესანიშნავი თამაში ჰქონდა, თუმცა მე-60 წუთზე VAR-ს ჩაეძინა. საუბარია ეპიზოდზე, რომლის შემდეგაც ჟოაუ კანსელუსთვის, იან დიომანდეზე უხეშობის გამო, წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ.
ურთულესი მატჩი იყო მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც ჩემპიონატში ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა. რამდენიმე გუნდი 4-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ, მაგრამ საუბარი „ბარსელონაზეა“ და ბიჭებმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს. „რეალმა“ კომფორტულად და დამსახურებულად მოიგო. ამ გამარჯვებას „ბარსელონას“ იმ ქომაგებს ვუძღვნი, რომლებმაც დღეს სასტუმროში დაძინების საშუალება არ მომცეს. სასტუმროსთან მოვიდნენ და მთელი დღე მღეროდნენ, რის გამოც ვერ დავიძინე. ნუ, ვერ დავიძინე, მაგრამ მათი გუნდი დავამარცხე“.
ჰანსი ფლიკი: „ზედიზედ მეორე შეხვედრა წავაგეთ და ბედნიერები ნამდვილად არ ვართ. იმედგაცრუებულები ვართ. კარგი პირველი ტაიმი არ გვქონია. მეორე ნახევარში მოვუმატეთ და ანგარიში 1:1 გახდა, თუმცა ენერგია და ძალები არ გვეყო. ლა ლიგაში პირველად წავაგეთ. ზედიზედ ცხრა შეხვედრა მოვიგეთ და ასეთი რამ ხდება ხოლმე — მარცხი სპორტის ნაწილია. ანალიზი უნდა ჩავატაროთ და მოვუმატოთ. მნიშვნელოვანია, წაგებაზე სათანადო რეაქცია გვქონდეს. აშკარაა, რომ მაღალი დონის მეტოქე გვყავდა, რომელიც უბურთოდ ძალიან კარგად თამაშობდა.
ენერგია და ძალები არ გვეყო. ბოლო კვირები, „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ... ძალიან რთული იყო. დასვენება და წაგებაზე სათანადოდ რეაგირება გვჭირდება. წინ გრძელი გზაა და მსგავსი რაღაცები ხდება. არ მგონია, მარცხმა გუნდში რაიმე ეჭვი გააჩინოს. საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია და დიდ შეხვედრებში ყველაფერს დეტალები წყვეტს, დღეს კი იღბალი ჩვენს მხარეს არ ყოფილა.
დაცვაში მოსამატებელი გვაქვს. ორი წაგება პირადად ჩემთვის და „ბარსელონას“ ქომაგებისთვის ძალიან ბევრია — განსაკუთრებით, როდესაც საუბარი „ელ კლასიკოს“ ეხება. წაგება არ გვინდა, თუმცა თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ. მინდა, ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინონ და კვებასთან, ძილთან და აღდგენასთან მიმართებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ“.
ცნობისთვის, 10 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „რეალი“ 24 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, „ალავესის“ წინააღმდეგ გამართავს, „სამეფო კლუბი“ კი „რასინგს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს