ქვილითაიასთან ერთად ახალმა სქემამ გაამართლა | კილის მთავარი მწვრთნელის კომენტარი
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-9 ტურში „ჰოლშტაინ კილის“ ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ დრეზდენის „დინამოს“ გაუტანა. 33 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც გერმანული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი „კილმა“ 3:0 მოიგო – ეს გუნდის პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში.
„კვლავ მოვძებნეთ შუალედური ვარიანტი მაღალი პრესინგისა და უკან დახევით, მოთმინებით დაცვაში თამაშს შორის. დღეს ქვილითაიასთან ერთად 4-4-2 სქემა ავირჩიეთ. საბოლოოდ, ამან გაამართლა. პირველ ტაიმში მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო. რეალური საგოლე მომენტები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ“, – აღნიშნა „ჰოლშტაინ კილის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა, რომელიც წარსულში „ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძესთან მუშაობდა.
ვალტერმა ქვილითაიაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ, გამომდინარე იქიდან, ტრავმა რომ აწუხებდა, ჯერ 90 წუთით სათამაშოდ მზად არ არის: „4-4-2 სქემა ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, თუმცა ქვილითაიას ტრავმა აწუხებდა, 50 წუთის შემდეგ იღლება, ძალა აღარ ჰყოფნის“.
გიორგი ქვილითაია: „ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდით. ეს გამარჯვება თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იყო და საერთო განწყობაზეც დადებითად აისახება. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ტრავმის შემდეგ დავბრუნდი და დღეს გოლის გატანაც მოვახერხე, თუმცა მთავარი სამი ქულის მოპოვებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მომდევნო მატჩების წინ თავდაჯერებულობას შეგვმატებს“.
33 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მალე მამა გახდება, სეზონის საწყისი ხუთი ტური კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა. „ოსნაბრიუკთან“, „ბრაუნშვაიგთან“ და „ჰერტასთან“ ცვლილებაზე ითამაშა, დრეზდენულ კლუბთან სასტარტოში იყო და გერმანულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. როგორც ვალტერმა აღნიშნა, ჯერ მზად არ არის, რომ 90 წუთი ითამაშოს, ამიტომ 57-ე წუთზე შეცვალა.
18-გუნდიან ბუნდესლიგა 2-ში ქვილითაიას გუნდი 8 ქულით მე-13 ადგილზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს