„ძალიან რთული პერიოდი გავიარე“ - სომალელმა მსაჯმა აშშ-ის უარსა და სუპერთასზე ისაუბრა
ხვალ, უეფას სუპერთასის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ჩატარდება, რომელშიც მთავარი მსაჯი სომალელი 34 წლის სომალელი მსაჯი, ომარ არტანი იქნება.
ომარ არტანი ცნობილი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გახდა. სომალელ არბიტრს, რომელსაც მუნდიალზე უნდა ემუშავა, აშშ-მა ვიზა არ მისცა, რის გამოც ქვეყანაში შესვლა ვერ შეძლო. მომხდარიდან მალევე, უეფამ გამოაცხადა, რომ არტანი სუპერთასის მთავარი მსაჯი იქნებოდა.
34 წლის არბიტრი UEFA-ს ოფიციალურ გვერდს ესაუბრა და მათი გადაწყვეტილებისგან გამოწვეული ემოციები გაუზიარა. არტანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ვიზის ვერმიღების შემდეგ, საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა:
„ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. ბევრი ადამიანი თანამიგრძნობდა, რადგან როდესაც წლების განმავლობაში ბევრს შრომობ, რაღაც უნდა გააკეთო და მერე ამას ვეღარ ახერხებ, ეს ძალიან რთულია. თუმცა, ძალიან ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რომელიც მთელი მსოფლიოდან მივიღე. ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ.“
„უეფას სუპერთასი? „გამიმართლა, მაგრამ ამავდროულად, აქ მოსახვედრად ძალიან ბევრი ვიშრომე და ნამდვილად ვამაყობ. რთულ პირობებში გავიზარდე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემი ოცნებების ახდენაში. CAF-ს მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს იქნება ჩემი პირველი მატჩი ევროპაში. თავგადასავლები, მოგონებების შექმნა და ახალი რაღაცების სწავლა ყოველთვის შესანიშნავია.“
„ჩემთვის ფანტასტიკურია, რომ CAF თანამშრომლობს უეფასთან, მსაჯებისთვის მსოფლიოს საუკეთესო კონფედერაციასთან. ევროპაში სტანდარტები შესანიშნავია და ფეხბურთი, რომელსაც ისინი თამაშობენ, ძალიან, ძალიან კარგია. მჯერა, რომ CAF-ის მსაჯებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ უეფასგან და პირიქით. ეს ორმხრივად სასარგებლოა. ჩემთვის დიდი პატივია ამ უდიდეს მატჩზე დანიშვნა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უეფას, ასევე CAF-ის პრეზიდენტსა და CAF-ში მომუშავე თითოეულ ადამიანს.“
„როდესაც ამ მატჩში დანიშვნის შესახებ გავიგე, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს მართლაც ძალიან, ძალიან ბედნიერი წამი იყო. ევროპასა და ავსტრიაში სომალელთა დიდი თემი ცხოვრობს და ისინი სიხარულის მეცხრე ცაზე არიან იმის გამო, რომ ასეთ მატჩს მე ვმსაჯობ“.
„ჩვენ, მსაჯები, დიდ მოსამზადებელ სამუშაოს ვწევთ გუნდების გასაცნობად. ყოველთვის ვუყურებ მათ თამაშებს. ისედაც მიყვარს ევროპული ფეხბურთის ყურება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდ კვლევას ვატარებ გუნდებზე, იმაზე, თუ როგორ თამაშობენ ისინი, ვსწავლობ მათ ქცევებს, ტაქტიკასა და ბევრ სხვა რამეს.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ დაპირისპირება საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.