ალბათ სიაში ყოფნას იმსახურებდა | ანჩელოტიმ ჟოაუ პედროს ბოდიში მოუხადა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩელსის თავდამსხმელს, ჟოაო პედროს, ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დატოვების გამო ბოდიში მოუხადა. იტალიელმა აღიარა, რომ არაერთი მოთამაშე იმსახურებდა შერჩევას, თუმცა „სელესაოს“ მწვრთნელმა არჩევანი გამოცდილებაზე შეაჩერა, რაც ნეიმარის დაბრუნებასაც მოიცავს.
განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ საუბრისას, ანჩელოტიმ აღიარა, რომ შერჩევის პროცესში ზოგიერთ მოთამაშეს არ გაუმართლა. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში პედროს, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვების გამო.
„ზოგიერთი მოთამაშე, რომელიც ამ წელს ჩვენთან ერთად იყო, ამ სიით ბედნიერი არ იქნება.
ვწუხვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენთან იყო. რა თქმა უნდა, ჟოაო პედროს გამო გული გვწყდება. ევროპაში ჩატარებული სეზონის გათვალისწინებით, ის ალბათ იმსახურებდა ამ სიაში ყოფნას, მაგრამ სამწუხაროდ, სრული გაცნობიერებითა და პატივისცემით, ჩვენ სხვა მოთამაშე ავირჩიეთ. ძალიან ვწუხვარ ჟოაო პედროსა და ყველა დანარჩენის გამო.“
სანაკრებო იმედგაცრუებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში, ჩელსიმ დაადასტურა, რომ პედრო კლუბის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბრაიტონის ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც გასულ ზაფხულს 60 მილიონ ფუნტად გადმოვიდა, გულშემატკივართა გამოკითხვაში დომინანტური გამარჯვება მოიპოვა, ხმების 60 პროცენტზე მეტი მიიღო და გაუსწრო ნახევარმცველებს, ენცო ფერნანდესსა და მოიზეს კაისედოს.