კილიან მბაპე, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

მბაპეს ხუმრობა | ხავიერ ტებასი იძულებული გახდა ჩინეთისთვის ბოდიში მოეხადა

მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე ფრანგულ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა და ჰკითხეს, მისი ფავორიტი მიმი რომელია. მბაპეს პასუხს ჩინეთში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა და საბოლოოდ, ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს ბოდიშის მოხდა მოუწია.

„მიმი, რომელზეც ყველაზე მეტს ვიცინი, ჩინელი დიქტატორის ვიდეოა... ჩემი სახე ჩასვეს და მეგობრებთან ამ მიმს ხშირად ვიყენებ...“ — განაცხადა მბაპემ, რომელსაც, მართალია, სახელი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მაო ძე დუნის მიმზე საუბრობდა.

ჩინეთში, სადაც კომუნისტური პარტია მაო ძე დუნს უდიდეს პატივს სცემს და მას ხელშეუხებელ ფიგურად მიიჩნევს, ეს ხუმრობა კარგად ნამდვილად არ მიუღიათ. ადგილობრივ საფეხბურთო ფორუმზე, Dongqiudi-ზე მბაპეს განცხადებას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდეს, რომელმაც „ჩინელი ხალხის გრძნობებს ტკივილი მიაყენა“.

მალევე, კილიანთან საქმიანი ურთიერთობა რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ გაწყვიტა, რომლებიც მას ასპონსორებდნენ. ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გადაწყვიტა, ლა ლიგის მატჩების ჩვენება შეეჩერებინა და აპლიკაციებში მბაპესთან დაკავშირებული კონტენტიც და რეკლამებიც აღარ იძებნება.

საბოლოოდ, ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს ოფიციალური განცხადების გავრცელება მოუწია:

„ღრმა სინანულს გამოვთქვამთ კილიან მბაპეს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რამაც ჩინეთში უსიამოვნება და წყენა გამოიწვია. გვესმის მიყენებული ზიანი და ლა ლიგის სახელით გვინდა, ჩინელ ხალხს გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ.

წლების განმავლობაში ჩინეთთან, მის ხელისუფლებასთან, სპორტულ ინსტიტუტებთან, მაუწყებლებთან და ესპანური ფეხბურთის მილიონობით ფანთან პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას ვაშენებდით. ჩვენ ცალკეული ინდივიდის ქმედებებს უფლებას ვერ მივცემთ, პრობლემები შეუქმნას ამ ურთიერთობას ან ზიანი მიაყენოს ჩვენი ტურნირების 20-ზე მეტ კლუბსა და მილიონობით ჩინელ გულშემატკივარს.

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ზომას მივიღებთ და უშუალოდ ვთანამშრომლობთ ჩინეთში არსებულ ჩვენს პარტნიორებთან და წარმომადგენლებთან ამ სიტუაციის გადასალახად. ჩვენი ერთგულება ჩინეთის, მისი ხალხისა და ინსტიტუტების მიმართ მტკიცე რჩება. ასეთი ხანგრძლივი შრომით აგებული ურთიერთობა ცალკეულმა ინციდენტმა ვერ უნდა დააზიანოს“.

ტებასის სიტყვებზე ჩინურ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება მაო ძე დუნს, ის ჩინელი რევოლუციონერი, პოლიტიკური თეორეტიკოსი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (ჩსრ) დამფუძნებელი გახლდათ. მაო ძე დუნი ჩინეთს 1949 წლიდან 1976 წლამდე მართავდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა“ | „ლეიკერსის“ ლეგენდამ მამუ შეაქო
    „ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა“ | „ლეიკერსის“ ლეგენდამ მამუ შეაქო