მეშვიდე შეხვედრა 31 ქულით წააგეს | კლივლენდმა დეტროიტი სტუმრად გაანადგურა
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ნიუ იორკ ნიქსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება. „ნიქსმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ 4:0 გაანადგურა, „კავსმა“ კი „დეტროიტ პისტონსი“ 7-მატჩიან სერიაში დაამარცხა.
„კლივლენდს“ სერიის დახურვის შანსი საშინაო არენაზე ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და „დეტროიტმა“ ანგარიში 3:3 გახადა, შემდეგ კი „კავალიერსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. „პისტონსმა“ გულშემატკივრების ფაქტორი ვერ გამოიყენა და 31 ქულით განადგურდა — 94:125.
„კლივლენდის“ რიგებში შესანიშნავი იყო დონოვან მიტჩელი — 26 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი. ჯარეტ ალენმა და სემ მერილმა 23-23 ქულა დააგროვეს, ხოლო ევან მობლის ანგარიშზე 21 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. კვლავ ცუდად ითამაშა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 10-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და 9 ქულა დააგროვა.
„დეტროიტის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 17 ქულა დენის ჯენკინსს ჰქონდა. კეიდ კანინგემმა 16-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა და 13 ქულა დააგროვა. ჯეილენ დურენმა 10-ქულიანი ნიშნული ისევ ვერ გადალახა — 7 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი.
ცნობისთვის, „ნიუ იორკს“ საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და პირველ ორ შეხვედრას „მედისონ სქუეარ გარდენში“ გამართავს. ამ გუნდების პირველი თამაში 20 მაისს არის დანიშნული.