„ყველაფერი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება“ - სობოსლაის ტრავმა დადასტურდა
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების კაპიტნის, დომინიკ სობოსლაის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
როგორც გუშინ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, ლივერპულის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აქვს და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში მისი თამაში საეჭვოა. სობოსლაიმ დაზიანება „კრისტალ პალასთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც ანდონი ირაოლამ ის 69-ე წუთზე შეცვალა.
„დომინიკ სობოსლაის აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. მუხლის ტრავმის ფონზე, ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რათა კაპიტანი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს, თუმცა მისი ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ მატჩის წინ იქნება მიღებული“.
უნგრული მედიის ინფორმაციით, თუ სობოსლაი თბილისში ვერ ითამაშებს, მას ძირითად შემადგენლობაში იოზეფ ურბლიკი შეცვლის. ურბლიკს სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში კი არასოდეს მიუწვევიათ, ახლა კი 30 წლის ფეხბურთელმა უნგრეთის ნაკრების მიწვევა მიიღო და შესაძლოა საერთაშორისო დებიუტი სწორედ რამაზ სვანაძის გუნდის წინააღმდეგ ჰქონდეს.
ცნობისთვის, საქართველო-უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს