ვენსან კომპანი
Aa
Aa

მძიმე ტრავმა, დედის გარდაცვალება და დის ავადმყოფობა - კომპანის სირთულეები წარმატების გზაზე

ვენსან კომპანიმ „მანჩესტერ სიტიში“ ისტორია დაწერა, მას როგორც კლუბის ერთ-ერთ ლეგენდას, სტადიონთან ძეგლიც დაუდგეს, ახლა კი მისი გაწვრთნილი „ბაიერნი“ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, თუ რა რთული გზა გაიარა მიგრანტების შვილმა პროფესიულ ფეხბურთში თავის დასამკვიდრებლად.

ოჯახური სირთულეები

ვენსანის მამა კონგოდან გამოქცეული პოლიტდევნილი იყო, ამიტომ მის შანსები, რომ კომპანი ბელგიის ნაკრებში მოხვდებოდა, ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბს ჩაიბარებდა, თითქმის ნულის ტოლი იყო.

ვენსანის კარიერა „ანდერლეხტში“ დაიწყო, პირველი უცხოური კლუბი კი „ჰამბურგი“ იყო, სადაც, მისივე თქმით, მის ცხოვრებაში გარდამტეხი ეპიზოდი მოხდა.

„ჰამბურგის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ტრანსფერიდან მალევე აქილევსის მყესი გავიწყვიტე და 9 თვით ჩამოვშორდი ფეხბურთს. ეს ჩემთვის საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრების პირველი გამოცდილება იყო და ამ დროს ჩემს დას სიმსივნე აღმოაჩნდა. მალევე, სიმსივნე აღმოაჩნდა დედაჩემსაც და ის გარდაიცვალა. ეს ძალიან რთული მომენტი იყო.

პარალელურად, კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა, გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა და ისტორიაში პირველად უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითება ემუქრებოდა. კარგად მახსოვს, საშობაო არდადეგები იყო, მე კი კლუბში დავრჩი და მარტო ვვარჯიშობდი. რა აზრი ჰქონდა სახლში წასვლას?“

კომპანის და, კრისტელი გამოჯანმრთელდა, მაგრამ დედის გარდაცვალებამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე ძალიან მძიმედ იმოქმედა.

„გავიაზრე, რომ დედაჩემის გვერდით 20 წელი ვიცხოვრე, ზოგიერთ ბავშვი კი თავის მშობლებს საერთოდ ვერ ნახულობს. ამას ბავშვობაშიც მეუბნებოდნენ, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ გავიაზრე“.

ქველმოქმედება

კომპანი საქმელმოქმედო ფონდ SOS Children’s Villages-ის ამბასადორი გახდა და ბელგიური კლუბი BX Brussels შეიძინა, რომლის მმართველადაც თავისი და დანიშნა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ფეხბურთიდან გამომუშავებულ ფულს კეთილ საქმეებს მოვახმარდი. დედაჩემისთვის არაერთხელ მითქვამს, - „რაც უფრო მდიდარი ვიქნები, მით უფრო მეტად სასარგებლო ვიქნები ძალიან ბევრი ადამიანისთვის“. ამ პირობას 17 წლიდან მოყოლებული ვასრულებ. პირველ ეტაპზე ჩემს ოჯახს ვარჩენდი, შემდეგ დავიწყე ჩემს უბანში მცხოვრები ადამიანების დახმარება, ახლა კი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ 1000-ზე მეტი ბავშვის ვარჯიშს ვაფინანსებ. ყველაზე მთავარი, რასაც ეს პროექტები მაძლევს, საკუთარი ძალების რწმენაა. თუ ამ საქმეში წარმატებას ვაღწევ, ესე იგი, კომფორტის ზონიდან გამოსვლამ გაამართლა“.

სიჯიუტე

კომპანი ფეხბურთელობაშიც ასეთი იყო - ცდილობდა იმის დახვეწას, რაც კარგად არ გამოსდიოდა.

„მწვრთნელები მეუბნებოდნენ - აკეთე მხოლოდ ის, რაც კარგად გამოგდის. ეს ძალიან მაბრაზებდა - და ვცდილობდი, დამეხვეწა ის უნარები, რაშიც სხვები მჯობდნენ. ასე მოვხვდი ბელგიიდან გერმანიაში, შემდეგ კი „მანჩესტერ სიტიში“.

ეს თვისება ვენსანს მწვრთნელობაშიც გამოადგა. მშობლიურ „ანდერლეხტში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ კომპანიმ პრემიერლიგიდან გავარდნილი „ბარნლი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში, ჩემპიონშიფის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გუნდი ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა. მის ცხოვრებაში მარტივი არაფერი ყოფილა და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა - ბოლოსწინა ადგილი და ისევ ჩემპიონშიფში გავარდნა. The Athletic-ი წერდა, რომ ვენსანი „მიამიტი ტაქტიკოსი, გამოუცდელი და ჯიუტია“. კიდევ ერთი შეფასება, ამჯერად The Independent-ისგან: „ბარნლი“ მიამიტად მოქმედებს სატრანსფერო ბაზარზე, მოედანზე და კაბინეტებშიც კი“.

კომპანი „ბაიერნმა“ მიიწვია, რომელმაც მრავალწლიანი ჰეგემონიის შემდეგ ბუნდესლიგაში პირველობა „ლევერკუზენს“ დაუთმო. ბელგიელმა „რეკორდმაისტერს“ ჩემპიონობა დაუბრუნა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტთან, „ინტერთან“ დამარცხდა.

ზაფხულში ისმოდა კომპანის გათავისუფლების მოთხოვნებიც, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ გონიერება და მოთმინება გამოიჩინა, კომპანის კიდევ ერთი შანსი მისცა და არ შეცდა. მიმდინარე სეზონი „ბაიერნმა“ შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა ტურნირზე 23-დან 21 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

„ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ვიღაცისთვის ეს მხოლოდ თამაშია, მაგრამ არა ჩემთვის. კარგად ვიცი, რამხელა შესაძლებლობებს ქმნის ფეხბურთი ძალიან ბევრი ბავშვისთვის. როდესაც ბელგიური კლუბის შეძენა გადავწყვიტე, ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო - შემექმნა ბავშვებისთვის ისეთი რამ, რაც მათ ყოველდღიურ რუტინას მოსწყვეტს და წარმატების გზაზე დააყენებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეშლილი მოგზაური - სებასტიან აბრეუს დაუჯერებელი ისტორია
შეშლილი მოგზაური - სებასტიან აბრეუს დაუჯერებელი ისტორია