ნაკრების წარმატებაში წვლილს შეიტანს | სანიოლს იეგოიანის იმედი აქვს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა ირაკლი იეგოიანს ეხებოდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს.
სანიოლი იეგოიანზე: „ინტენსიურ თამაშში ძალიან კარგად მონაწილეობს, ძალიან სტაბილური სეზონი ჰქონდა, მას კარგა ხანია ეროვნული ნაკრებისთვის მოვიაზრებთ, წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშე გახდებოდა. მას შეუძლია თამაშში გარდატეხა შეიტანოს და ასეთი მოთამაშე გვჭირდება. უახლოეს შეხვედრებში დრო მიეცემა და დარწმუნებული ვარ გარკვეული დროის შემდეგ ეროვნული ნაკრების წარმატებაში წვლილს შეიტანს”.
2025-26 წლების სეზონი იეგოიანისთვის დიდი მნიშვნელობის იყო, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, თითქმის ყველაზე მატჩში სასტარტოში იყო და მისი საგოლე მოქმედებები ექსელსიორს ელიტაში დარჩენაში დაეხმარა. ამასთან ერთად, 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა და ახლა უკვე ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. როგორც სანიოლმა აღნიშნა, ირაკლის დებიუტი შედგება, სათამაშო დროს მიიღებს.
ერედივიზიეს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 2025-26 წლების სეზონში ქართველი ნახევარმცველი მოედანზე დაფარული მანძილის რაოდენობით მთელი ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო სამეულში მოხვდა. იეგოიანმა საერთო ჯამში 382 კილომეტრი ირბინა და მასზე კარგი შედეგი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დააფიქსირა: ჯეფ ჰარდეველდმა (384 კმ, ტელსტარი) და გუუს ოფერჰაუსმა (392 კმ, ტელსტარი).