დარჩება თუ არა ალეგრი მილანში - „ყველას მხოლოდ ციფრები აინტერესებს“
სერია ა-ს დასკვნით ტურში „მილანი“ „კალიარის“ დაუპირისპირდება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეეცდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„მილანთან“ კონტრაქტი მაქვს, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და დარჩენა მინდა, თუმცა კალიარისთან მატჩის შედეგმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ამიტომ ახლა მომავალზე საუბარს აზრი არ აქვს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით, ესე იგი, კარგი სეზონი გვქონდა, რასაც ვერ ვიტყვით იმ შემთხვევაზე, თუ ევროპა ლიგაზე თამაშით მოგვიწევს დაკმაყოფილება.
2026 წელს ყველაფერი საშინლად სწრაფი ტემპით იცვლება, ყველას მხოლოდ ციფრები აინტერესებს. მიზანთან ახლოს ვართ, თუმცა „კალიარის“ ჩამოწერა არ შეიძლება. მათ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საქმეს და გავითავისოთ, რომ კარგი შედეგის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უკვე გაინაღდეს „ინტერმა“ და „ნაპოლიმ“, კიდევ ორი საგზურისთვის კი „მილანი“, „რომა“, „კომო“ და „იუვენტუსი“ იბრძვიან.
ბოლო ტურში „რომა“ „ვერონას“ ესტუმრება, „მილანი“ „კალიარის“ მიიღებს, „იუვენტუსი“ ტურინულ დერბიში „ტორინოს“ შეხვდება, „კომო“ კი სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.