უიმბლდონი
Aa
Aa

თეთრი წესი - რატომ არის უიმბლდონის დრესკოდი ხელშეუხებელი

XIX საუკუნის მეორე ნახევრის პურიტანულ ვიქტორიანულ ეპოქაში, ჩოგბურთი ჯერ კიდევ არ იყო სპორტი – ის არისტოკრატების გასართობს წარმოადგენდა და მას ხშირად ქალებიც ეძალებოდნენ.

მაღალია წრის ქალბატონისთვის საზოგადოებაში ოფლიანობა წარმოუდგენელი რამ იყო, სწორედ ამიტომ იქცა თეთრი ფერის სამოსი ჩოგბურთის ფორმად: ითვლებოდა, რომ ის ნაკლებად ცხელია და ოფლის კვალიც არ ჩანდა.

ორივე ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. თეთრი სამოსის შედარებით გრილ ხასიათზე დიდი ხანია დაობენ: ზოგს მიაჩნია, რომ რადგან თეთრი ფერი ნებისმიერ სითბოს ირეკლავს, მასში პირიქით, უფრო მეტად ხურდები. ხოლო ზაფხულის ელემენტარული გამოცდილება გვეუბნება, რომ შავ სამოსზე ოფლი ბევრად ნაკლებად ჩანს (მაგრამ გასაგებია, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ვიქტორიანულ ეპოქას შავ ფერთან).

უიმბლდონი

არსებობს ალტერნატიული ვერსიაც. მისი მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულის ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, თეთრი სამოსი ელიტის ინდიკატორი გახდა. მდიდრებს შეეძლოთ ზაფხული ბუნებაში გაეტარებინათ, სადაც ქალაქთან შედარებით ბევრად სუფთა ჰაერი იყო და იქ მუქ საქალაქო სამოსს, ღია ფერის სააგარაკო ტანსაცმლით ცვლიდნენ.

რადგან ჩოგბურთი სწორედ შეძლებული ადამიანების საზაფხულო გასართობი იყო, მისი დრესკოდიც სწორედა აქედან ჩამოყალიბდა. ინგლისურ ენაში დღემდე არსებობს დამკვიდრებული გამოთქმა - tennis whites.

ეს ასე გრძელდებოდა ჩოგბურთში ტედ ტინლინგის გამოჩენამდე. 1947 წელს, მან ბრიტანელ ჯოი გენონს უიმბლდონისთვის თეთრი კაბა ჩააცვა, რომელსაც წვრილი ვარდისფერი და ცისფერი ზოლები ჰქონდა.

სამოსი ჩოგბურთელებს შორის ჰიტად იქცა და დიზაინერი შეკვეთებით აავსეს. მომდევნო წელს ბეტი ჰილტონი ფერადი კაბით წარდგა. უიმბლდონის ისტებლიშმენტმა ეს მტრულად მიიღო და 1949 წელს,  ტურნირის ოფიციალური მოთხოვნა გაჩნდა: გასახდელებში გამოაკრეს აბრები წარწერით – „მონაწილეები თეთრებში უნდა იყვნენ ჩაცმულები“.

ეს აბრები სრულფასოვან დრესკოდად 1960-იანი წლების დასაწყისში გარდაიქმნა და ისევ ტინლინგის დამსახურებით. 1962 წელს, მან მარია ბუენუსთვის შეკერა კაბა მკვეთრი ვარდისფერი გაფორმებით, რის შემდეგაც, მომდევნო ტურნირისთვის, უიმბლდონმა პირობა წამოაყენა: მოთამაშეთა მთელი სამოსი უნდა ყოფილიყო „უმეტესწილად თეთრი“.

უილბლდონი

ეს საკმაოდ რბილი ფორმულირება მომდევნო 30 წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა (იმ დროს, როცა სხვა ტურნირებმა ფერადი ფორმებით თამაშის ნება დართეს) და დისკომფორტს არავის უქმნიდა.

ტურნირის რეფერებს შეეძლოთ დაებლოკათ მოთამაშის ფორმა და გადასაცმელად გაეშვათ, მაგრამ ამ უფლებას ბოროტად არ იყენებდნენ.

1995 წელს „თეთრი წესი“ კიდევ უფრო გაამკაცრეს ფორმულირებამდე – „პრაქტიკულად მთლიანად თეთრი“.

2004 წელს, სავალდებულო სითეთრე აქსესუარებზეც გავრცელდა თუმცა ამ წესს სტაბილურად არ ემორჩილებოდნენ. მაგალითად, სერენა უილიამსმა 2010 წელს უიმბლდონი წითელი შორტებით მოიგო (რომლის შთაგონებაც ტურნირის ტრადიციული დესერტი - მარწყვი ნაღებით იყო), ხოლო 2012 წელს  კი - იასამნისფერი შორტებით, მაჯის სამკაულებითა და თავსაკრავით.

სერენა უილიამსი

იმავე წელს, მარია შარაპოვამ ტურნირი ჩაატარა კაბით, რომელსაც ჩოგბურთის ბურთის ფერის განიერი სამხრეები ჰქონდა, ხოლო 2013 წელს – ნარინჯისფერი შიდა შორტებით. ის ტანსაცმლის გამოსაცვლელად არ გაუგზავნიათ. აი, როჯერ ფედერერს კი, იმავე წელს სთხოვეს, ნარინჯისფერი ძირის მქონე ბოტასები თეთრით შეეცვალა.

როჯერ ფედერერი

2010-იანი წლების შუა პერიოდიდან, უიმბლდონზე სამოსის სითეთრეს სულ უფრო ფანატიკურად ადევნებენ თვალს: 2014 წელს გამოსცეს 10-პუნქტიანი დრესკოდი, რომელიც აბსურდამდე მიდის. მისი მიხედვით, „თეთრის სხვადასხვა ელფერი და კრემისფერი არ ითვლება თეთრად“, ხოლო ფერადი შეიძლება იყოს მხოლოდ არშია, რომლის სიგანეც 1 სანტიმეტრს არ აღემატება. მაშინ თვით ფედერერმაც კი, რომელიც იშვიათად გამოხატავს კატეგორიულ აზრს, თქვა: „ჩემი აზრით, ეს მეტისმეტია“.

2017 წელს, იუნიორებს პირდაპირ კორტზე უმოწმებდნენ საცვლების ფერს. ხუთგზის ჩემპიონმა, ვინუს უილიამსმაც კი მატჩის შესვენებისას ვარდისფერი ბიუსტჰალტერი თეთრით შეცვალა.

2023 წელს უიმბლდონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაუშვეს, რომ ქალ ჩოგბურთელებს თეთრი ქვედაკაბის ქვეშ მუქი ფერის შორტების ჩაცმის უფლება ჰქონდეთ.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს სპორტსმენების ფსიქოლოგიური კომფორტისთვის, მენსტრუალური ციკლის დროს. ჩოგბურთელები წლების განმავლობაში ჩიოდნენ, რომ თეთრ ფორმაში თამაშისას, მუდმივად ჰქონდათ შიში, რაიმე ლაქა არ გამოჩენილიყო, რაც ხელს უშლიდათ კონცენტრაციაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აკრძალული გმირები, 828 მატჩი და მრავალმილიონიანი ქველმოქმედება - ინგლისური ქალთა გუნდის ისტორია
აკრძალული გმირები, 828 მატჩი და მრავალმილიონიანი ქველმოქმედება - ინგლისური ქალთა გუნდის ისტორია