ბასილაშვილის წარმატებული სტარტი - მომდევნო მეტოქე ალკარასია
რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში გამართულ ალმატის ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის დედაქალაქში გადაინაცვლა და ვენაში, 500-იან შეჯიბრებაში წარმატებულად ჩაერთო. 34 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვდა და ავსტრიის სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი ორ სეტში, 7:6, 6:1 დაამარცხა.
პირველ სეტში როდიონოვმა ბასილაშვილს დიდი ბრძოლა გაუმართა და საქმე ტაიბრეიკამდეც მივიდა, სადაც უფრო მტკიცე ნერვები და მაღალი სათამაშო კლასი ქართველს აღმოაჩნდა. პირველი სეტის მოგებით კი, ბასილაშვილმა იმდენად დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, რომ მეორეში მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო და საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა.
ცნობისათვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი კარლოს ალკარასი იქნება და შეხვედრა ხვალ გაიმართება, დაწყების ზუსტი დრო კი მოგვიანებით დადგინდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვენის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 მილიონ 800 ათას ევროს შეადგენს და ამ შეჯიბრების მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი 800 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს